''ქართული ოცნების” ხელვაჩაურის მერობის კანდიდატს, ''ნაციონალური მოძრაობა” დაშინებასა და მოსყიდვაში ადანაშაულებს

28 ოქტომბერი 2021, 11:21 2362 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წარმომადგენელი მალხაზ თავდგირიძე, რომელიც ხელვაჩაურის საკრებულოს ახლადარჩეული წევრი და ოპოზიციის სიის პირველი ნომერია, ''ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატს ზაზა დიასამიძეს დაშინებაში, ზეწოლასა და ძალადობაში ადანაშაულებს.

ასევე ამბობს, რომ მმართველი გუნდის კანდიდატს უკვე აქვს შედგენილი დასაჭერ პირთა სია, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში გამოიყენებს. სიაში კი, პირველი ნომერი, როგორც თავდგირიძე აცხადებს თავადაა.

საკრებულოს ოპოზიციის წევრი,  ასევე ირწმუნება, რომ ზაზა დიასამიძე ხალხის ნაცვლად მეწარმეებს ხვდება და ხმების სანაცვლოდ ტენდერებში გამარჯვებას ჰპირდება.

მალხაზ თავდგირიძემ დღეს ზაზა დიასამიძეს წარსულიც გაიხსენა და ის კრიმინალურ საქმიანობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ''ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა, მას ბრალად ედებოდა ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ცემა, რის გამოც იგი ვარდების რევოლუციის შემდეგ თავს მოსკოვს აფარებდა. მისივე განცხადებით, ზაზა დიასამიძე ასლან აბაშიძის გარემოცვის წევრი იყო და მის დავალებებს ასრულებდა.

"მოვუწოდებ ზაზა დიასამიძეს საზოგადოებას განუმარტოს რისთვის იძებნებოდა ვარდების რევოლუციის შემდეგ. სისხლის სამართლის დანაშაულის მუხლით მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ გამოძიება და რა მეთოდებით მოახერხა მან საქართველოში დაბრუნება და შშს-ში მაღალი თანამდებობის დაკავება. გასცეს საზოგადოებას პასუხი, რატომ იყო მის წინააღმდეგ გამოძიება ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ცემის ფაქტზე. რისთვის იყო ის გაქცეული მოსკოვში?

ჩვენთვის რამდენადაც ცნობილია მისი საარჩევნო კამპანია ხორციელდება არა ხალხთან ურთიერთობით, არამედ იგი ხვდება კერძო მეწარმეებს და ხმების სანაცვლოდ ჰპირდება ტენდერების მოგებას. ასევე ის იკვეხნის ამ მეწარმეებთან შეხვედრისას, რომ მას გამარჯვების შემთხვევაში შედგენილი აქვს დასაჭერ პირთა სია, სადაც პირველ ნომრად განვიხილები მე მალხაზ თავდგირიძე, რისთვის გაუგებარია. ბატონო ზაზა თქვენს მიმართ არსებობს უამრავი კითხვა, გამოდით და გაეცით საზოგადოებას პასუხი ამ ყველა ქმედების შესახებ"- განაცხადა მალხაზ თავდგირიძემ.

ზაზა დიასამიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. დავუკავშირდით ''ქართული ოცნების'' პრესსამსახურს და განმარტებებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში