ოპონენტების სასოწარკვეთილი რიტორიკა ცხადყოფს ჩვენი გუშინდელი შეკრების წარმატებას, „ნაცმოძრაობამ“ დაითვალოს საკუთარი აქციის მონაწილეთა რაოდენობა - ირაკლი კობახიძე

28 ოქტომბერი 2021, 12:31 965 ნახვა

გუშინ, თავისუფლების მოედანზე ხალხმა ყველას მკაფიოდ დაანახა, რომ არ დაუშვებს ხელისუფლებაში საკუთარ სახელმწიფოზე, ეკლესიასა და ხალხზე მოძალადე ადამიანების დაბრუნებას - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, აქციაზე დასასწრებად უამრავმა ადამიანმა შორი გზა გამოიარა.

იგი გუშინდელ აქციასთან  დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი სასოწარკვეთილი რიტორიკა, მათ წარმატებას კიდევ ერთხელ ცხადყოფდა.

"მადლობა შეკრების თითოეულ მონაწილეს ამ ძალისხმევისთვის, რომელიც აუცილებლად ჩვენი საერთო გამარჯვებით, ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვებით დაგვირგვინდება.

აქვე, არ შეგვიძლია, ძალიან მოკლედ არ გამოვეხმაუროთ პოლიტიკური ოპონენტების სასოწარკვეთილ რიტორიკას გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით. ეს სასოწარკვეთა ზედმიწევნით ცხადყოფს ჩვენი აქციის წარმატებას. თავისუფლების მოედანზე შეკრებილი 10 ათასობით ადამიანისთვის იმის წოდება, რისი გამეორებაც კი ჩემთვის სრულიად მიუღებელია, ნათლად ცხადყოფს ღირებულებით სხვაობას ჩვენსა და მათ შორის.

ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეს ადამიანები ხალხზე ძალადობდნენ ფიზიკურად. ახლა კი, როდესაც მათ ამის შესაძლებლობა აღარ აქვთ, ფიზიკური ძალადობა მათ სიტყვით ძალადობით ჩაანაცვლეს. ნათელია, ამ ადამიანებს ძალაუფლების დაბრუნების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, სიტყვით ძალადობას ისინი კვლავ ფიზიკურ ძალადობად აქცევენ. სწორედ ეს არ დაუშვა ქართველმა ხალხმა 2 ოქტომბერს, როდესაც მკაცრი უარი უთხრა მოძალადეებს მათივე გამოცხადებულ ე.წ. რეფერენდუმზე.

მოძალადეების გამარჯვება დაუშვებელია როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, რათა თუნდაც ერთ ქალაქსა თუ რაიონში ავანტიურისტების დესტრუქციული ზრახვების გამო არ დაზარალდეს ადგილობრივი მოსახლეობა“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას" ურჩევნია დაითვალოს საკუთარი აქციის მონაწილეთა რაოდენობა და ამის მიხედვით გადაუმრავლებს მათი აქციის მონაწილეთა რაოდენობას.

" ჩემი სიტყვები, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერების მობილიზებისთვის დასჭირდებოდათ იმდენი მძღოლი, რამდენი ადამიანიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯამში ჰყავდა გამოყვანილი აქციაზე, არ იყო მხოლოდ სიტყვის მასალა და გუშინ ეს ასეც მოხდა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაითვალოს საკუთარი აქციის მონაწილეთა რაოდენობა და ამის მიხედვით გადავუმრავლებ მე ჩვენი აქციის მონაწილეთა რაოდენობას.

რაც შეეხება საჯარო მოხელეებს, ერთი რომ, როდესაც ხდება ადამიანების იძულება, იქ მუხტი არ იქმნება ხოლმე და თქვენ ნახეთ გუშინ როგორი იყო მუხტი"- განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში