გახარიას თანაგუნდელმა პარტია დატოვა და ბათუმის საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იმუშავებს - რას ფიქრობენ ოპოზიციაში 

29 ოქტომბერი 2021, 11:32 2183 ნახვა

გიორგი გახარიას პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ პარტია „საქართველოსთვის“ დატოვა.  ირაკლი თავდგირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბათუმის საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იმუშავებს. თქვა, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ,,ნაცმოძრაობასთან'' და ასევე ''ლელოსთან'' თანამშრომლობა. 

''ლელო საქართველოსთვის'' წევრი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ირაკლი თავდგირიძე ოპოზიციის კონსულტაციებში მონაწილეობდა, რომელიც კოალიციური უმრავლესობის შექმნას ეხებოდა. გახარიას პარტიას დარჩა ერთადერთი შანსი ოპოზიციური უმრავლესობის შესაქმენლად, რომ მას არ ქონდეს დადასტურებულად მიკერებული იარლიყი, როგორც ''ქართული ოცნების'' დანაყოფი.

''ირაკლი თავდგირიძე იყო კონსულტაციაში ოპოზიციასთან, მათ შორის ''ლელოსთან'' და ''ნაციონალური მოძრაობასთან''. დღევანდელი განცხადება ჩემთვის სრულიად გასაგებია და ეს ყველაფერი მიუთითებს ერთ ნაწილზე. მახსენდება ბათუმში, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ისინი იმუშავებენ და ითანამშრომლებენ ინდივიდუალურად დეპუტატებთან. მაშინაც კარგად გვესმოდა რა იგულისხმებოდა ამაში. ეს არის  ძირითადად მუქარა, შანტაჟი, მოსყიდვა და ა.შ.

არ მინდა არაფერს სახელი დავარქვა, ამ ყველაფერს სახელს დაარქმევს ჩვენი ამომრჩეველი. ვწუხვარ პირველ რიგში მის გამო და იმ ადამიანების გამო, ვინც მხარი დაუჭირა მას, როგორც საკრებულოს დეპუტატს. 

დანარჩენი დამოკიდებულია ხვალინდელ დღეზე, დარწმუნებული ვარ ხვალ ოპოზიცია გაიმარჯვებს და ჩარხი უკუღმა დატრიალდება. 

მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ოპოზიციას ექნება საკრებულოში უმრავლესობა. მგონია, რომ ვინც მზად იყო ე.წ. გადახტომისთვის თუ პორტირებისთვის მან უკვე დაიძახა ''ჰოპ'' და გადახტა. ახლა ჯერი ოპოზიციურ შეთანხმებაზე და ერთობაზეა'' - ამბობს კუპრაძე.

''ერთიანია ნაციონალური მოძრაობის'' წევრები კი აცხადებენ, რომ ''ქართული ოცნება'' დიდი ხანია ცდილობს ადამიანებზე ზეგავლენას სხვადსხვა ფორმით, მათ შორის მოსყიდვით.

მირდატ ქამადაძის თქმით, ბათუმელებმა მხარი დაუჭირეს უფრო მეტ ოპოზიციონერ დეპუტატს საკრებულოში, დღეს კი ეს ადამიანები საკუთარ ამომრჩევლებს ღალატობენ. 

''ამას საჯაროდ ამბობდა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც, თორნიკე რიჟვაძეც. ჩვენ ვიცოდით ეს ფაქტი, რომ ისინი ამ მიმართულებით მუშაობდნენ. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ''ქართული ოცნება'' ძალაუფლებას როგორ იყენებს ამ ქალაქის მაცხოვრებლების წინააღმდეგ. 2 ოქტომბერს ამომრჩეველმა ამ ქალაქში განსაზღვრა, რომ ოპოზიცია იყოს უფრო მეტი საკრებულოში. ამ ქალაქმა აირჩია ოპოზიცია, იმიტომ რომ მხარი დაუჭირა ცვლილებებს. გამკვირვებია ამ ადამიანების, ნაცვლად იმისა, რომ  ქალაქის ამომრჩევლის პრინციპებს იცავდეს, საკუთარი პრინციპები ვერ დაუცვიათ. ეს არ არის ბათუმის პატივისცემა.

დანარჩენი ბათუმელების გადასაწყვეტია სამომავლოდ როგორ ადამიანებს და პოლიტიკოსებს უნდა დაუჭირონ მხარი. მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე და ჩემს მეგობრებზე. ნებისმიერ ამ ქმედებას ბათუმელები შეაფასებენ. ერთ დღეში არ მთავრდება ეს ქმედება და პოლიტიკა. ბათუმელები სამომავლოდ გადაწყვეტილებას ამ ფაქტების გათვალისწინებით მიიღებენ'' - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

''მითი რომ ,,ნაცმოძრაობა'' ბათუმის საკრებულოში უმრავლესობას შექმნიდა იმსხვრევა. ირაკლი თავდგირიძე ბრავო'' - დაწერა სოციალურ ქსელში ლადო მგალობლიშვილმა, რომელიც უმაღლესი საბჭოს დეპუტატია. 

"ქართული ოცნება“ 35-წევრიან ბათუმის საკრებულოში 12 წევრის შეყვანას შეძლებს, რასაც პროპორციული სიით 4 მაჟორიტარი დაემატება, "ნაციონალური მოძრაობა" 12 წევრს შეიყვანს, რასაც 3 მაჟორიტარი დაემატება,  "გახარია საქართველოსთვის'' 3, ხოლო "ლელოს" 1 წარმომადგენელი ეყოლება.

ირაკლი თავდგირიძის გადაწყვეტილების შემდეგ პარტია ''საქართველოსთვის'' წევრი საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში