გასაყიდი უნდა გაიყიდოს - გიორგი გახარიას პარტიის წევრები ყოფილ თანაგუნდელზე

29 ოქტომბერი 2021, 12:20 1265 ნახვა

''გასაყიდი უნდა გაიყიდოს'' - განაცხადა ბრიფინგზე პარტია ''საქართველოსთვის'' ერთ-ერთმა ლიდერმა, თანაგუნდელის პარტიიდან წასვლის შესახებ საუბრისას. 

აკაკი გვიანიძის თქმით, ისინი არცერთ პოლიტიკურ ძალას არც ''ნაციონალურ მოძრაობას'' და არც ''ქართულ ოცნებას'' უმრავლესობას არ შეუქმნიან. 

აკაკი გვიანიძის განცხადებით პარტიის წევრებისთვის მატერიალურ ფასეულობებზე მაღლა ღირებულებები დგას. 

''გასაყიდი უნდა გაიყიდოს და რაც მალე გაიწმინდება პარტია ადამიანებისგან, ვისთვისაც ღირსებაზე უფრო მაღლა, მატერიალური კეთილდღეობა დგას მით უკეთესი იქნება. 

ჩვენ გვაქვს ძალიან  მნიშვნელოვანი გეგმები და ამ გეგმების შესრულებას ვაპირებთ, რასაც დავპირდით ამომრჩეველს შევასრულებთ. პოზიციებს არ ვიცვლით და ვაგრძელებთ ბრძოლას ცვლილებებისთვის, ბათუმისთვის და ბათუმელებისთვის.

ორივე პარტია ერთმანეთს ძალიან დაემსგავსა, ორივე  სწორედ იმ მეთოდებით ცდილობს შეინარჩუნოს ან მოიპოვოს უმრავლესობა და ძალაუფლება, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია. მათი მიზანი არის ერთპიროვნული ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ჩვენ კიდევ ჩვენმა ამომრჩეველმა დაგვავალა, რომ ეს არ დავუშვათ. ჩვენ ვრჩებით ამ იდეალების ერთგული და აუცილებლად შევძლებთ იმას, რომ ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლოს ერთპიროვნულად ბათუმის საკრებულოში უმრავლესობის მოპოვება'' - განაცხადა გვიანიძემ. 

​გიორგი გახარიას თანაგუნდელები ოპონენტებს კონსულტაციებისკენ მოუწოდებენ. ამბობენ, რომ ბათუმის საკრებულო არც ''ნაცური'' უნდა იყოს და არც ''ოცნების''. 

''ჩვენ ოპონენტებს ღიად შევთავაზეთ  კონსულტაციის ღია ფორმატი. ის ადამიანები ვინც რომელიმე პარტიას უმრავლესობას შეუქმნის ჩვენ არ ვიქნებით. ამას ვაჟღერებ როგორც ჩვენი სიის პირველი ნომერი ნინო ბაციაშვილის, ასევე ჩემი სახელით. ეს წინადადება ძალაშია. ორივე პარტიას მოვუწოდებთ შეწყვიტონ უღირსი მეთოდებით ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ორივე მათგანი დაუბრუნდეს პოლიტიკის კეთებას და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. მოლაპარაკებას არ აქვს ალტერნატივა. 

მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა არ არის მნიშვნელოვანი, კიდევ არის  ასარჩევი 7 პოლიტიკური პირი. არ ვაპირებთ, რომ ერთი ,,ლელოს'' წარმომადგენელი იყოს და მთლიანად ''ნაცური'' საკრებულო მივიღოთ, ან პირიქით ''ოცნების'' საკრებულო. 

ვერც ერთი ყალბი დღის წესრიგის შექმნის მცდელობა ამ პროცესს ხელს ვერ შეუშლის და ვერ დააზიანებს'' - განაცხადა გვიანიძემ.  

ირაკლი თავდგირიძემ პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში