ბათუმში პლაკატები გამოჩნდა წარწერით - "გიორგი კირთაძე გამყიდველია" 

29 ოქტომბერი 2021, 13:00 2691 ნახვა

ბათუმის ქუჩებში პლაკატები გამოჩნდა წარწერით - "გიორგი კირთაძე გამყიდველია". ​''ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის წინააღმდეგ გამოკრულ პლაკატებზე ასევე წერია, რომ  3 წელში ერთ ლარად რეკორდული რაოდენობის ქონება გაიყიდა. მათ შორის იუნკერების საფლავი.

პლაკატები სტენდებზე გვიან ღამით გააკრეს. 

გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ''ქართული ოცნების წევრები'' აგონიაში არიან და სიძულვილის ბანერებიც მათი ხელწერაა. მისივე თქმით, მას უამრავი სურათი მიაწოდეს, თუ როგორ ხევდნენ ძველ პლაკატებს და აკრავდნენ ახალს. 

"როგორც ჩანს დამაფასეს და სხვა პოლიტიკური ლიდერების მსგავსად ჩემზეც გამოჩნდა სიძულვილის ბანერები ქალაქში. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ აგონიაში არიან "ქართული ოცნების" წევრები. იციან, რომ ხვალ, მეორე ტურშიც პირწმინდად დამარცხდებიან. მინდა ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდო, ჩვენ არ უნდა ავყვეთ ბიძინა ივანიშვილის "ქართულ ოცნებას" ამ სიძულვილის ენით საუბარში. დაგვრჩა ძალიან ცოტა, ხვალ ,,ოცნება'' ბათუმში იქნება საბოლოოდ დამარცხებული.

გუშინ "ქართული ოცნების" შტაბები იყო მთელი ღამე ღია და ისინი აკრავდნენ ამ სიძულვილის ბანერებს. მე უამრავი შეტყობინება და სურათი მომდიოდა, თუ როგორ ხევდნენ გაკრულ პლაკატებს სხვადასხვა უბნებში. ვინც ხელმძღვანელობს "ოცნების" შტაბს ყველამ კარგად ვიცით და მათი უშუალოდ ჩართულობით და ალბათ, ჩემი უშუალო კონკურენტის მითითებით ხდებოდა ეს ყველაფერი.

მსგავსი სიცრუის და უსინდისობის ტირაჟრება ბათუმში არის ურთულესი. ჩვენ ახლაც შეგვიძლია გადავიდეთ იმ ადგილზე და დავინახავთ, რომ იქ არანაირი შენობა არ დგას და არაფერია გასხვისებული. ,,ოცნებას'' და ივანიშვილს ამომრჩეველი ბოლომდე სულელი ჰგონია და ფიქრობს რომ შეუძლია დააჯეროს ის, რაც ბუნებაში არ არსებობს, მაგრამ არ გამოუვათ,"- განაცხადა გიორგი კირთაძემ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში