ჩემი რჩევა იქნება მიბაძეთ ხაზარაძეს და დატოვეთ პარლამენტი - მიხეილ სააკაშვილი

01 ნოემბერი 2021, 16:13 1327 ნახვა

ჩემი რჩევა იქნება, ყველა ჩემი თანამებრძოლის და ასევე, უბრალოდ ქვეყნის პატრიოტებისა და წესიერი ხალხის მიმართ პარლამენტში – მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და „ოცნება“ დატოვონ საკუთარ თავთან მარტო-ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გააცნო.

„ძალიან შთამბეჭდავი იყო გუშინ მამუკა ხაზარაძის ნაბიჯი. მთლიანად ვიზიარებ მის ამ პოზიციას და მთლიანად ვეთანხმები ნიკა მელიას გამოსვლას. ერთი სული მაქვს, როდის შემოგიერთდებით, მაგრამ ამაშიც თქვენი დახმარება მჭირდება. ვერც ერთი ციხის კარები ვერ შეაკავებს ხალხის სამართლიან რისხვას. ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია. იქ ვერანაიარი გადაწყვეტილება ვერ და არ იქნება მიღებული. ბანდიტებთან საუბარი რეფორმებზე და ქვეყნისთვის საკეთილდღეო ცვლილებებზე მხოლოდ დროის გაწელვას ემსახურება, რათა საპროტესტო მუხტი ჩაქრეს და შიგნითაც და გარეთაც ჩვენს ქვეყანაზე ხელი ჩაიქნიონ.

 

ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, პარლამენტში ჩემი ყველა თანამებრძოლის და უბრალოდ ქვეყნის პატრიოტების და წესიერი ხალხის მიმართ - მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და „ოცნება“ საკუთარ თავთან მარტო დატოვონ“,- აღნიშნულია სააკაშვილის გზავნილში.

გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადასვლას არ აპირებს.

მისივე განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას გორის ჰოსპიტალში აპირებენ, სადაც შესაძლოა, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ სააკაშვილის გატაცება.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, თუმცა ის კატეგორიულად არ აპირებს ციხის საავადმყოფოში გადასვლას. ინფორმაცია გვაქვს, რომ აპირებენ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას და ინფორმაცია გვაქვს ასევე, რომ გორის ჰოსპიტალში შესაძლოა, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის გატაცება. არსებობს რეფერალური კლინიკა, სადაც ყველა პატიმარი გადაჰყავთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და კეთილი ინებონ და გადაიყვანონ იქ, ნუ აკეთებენ გამონაკლისებს სააკაშვილის წინააღმდეგ“, - განაცხადა გვარამიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში