ფართომასშტაბიანი აქციები არ შენელდება, სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს, ვიბრძოლებთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე - ნიკა მელია

02 ნოემბერი 2021, 18:10 1107 ნახვა

ეს ბრძოლა ახლა იწყება და არც ერთ შემთხვევაში არ იქნება უკან დახევა, ჩვენ მოგვპარეს არჩევნები, მოგვპარეს ძალადობით და უღირსი მეთოდებით - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ აჭარის მთავრობის სახლის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს.

ნიკა მელიას განცხადებით, ფართომასშტაბიანი აქციები არ შენელდება და ისინი იბრძოლებენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე. 

"დიახ, ფართომასშტაბიანი აქციები არ შენელდება მანამ, სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს. არ გვინდა მომავალში ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა კითხვები დაგვისვან, სად იყო ის მომენტი, როდესაც ვერ იმოქმედეთ, როდესაც ჭაობი დააკანონეთ. ამ შეკითხვებზე ჩვენ პასუხი გვექნება. მეორე შეკითხვა იბადება, რას აპირებთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით? პირდაპირ გეტყვით, ბრძოლას ვაპირებთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე, ბოლომდე. მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება არ არის მხოლოდ სურვილი, ეს არის ვალდებულება. კიდევ ერთი შეკითხვა რომელიც ისმის - კოალიციური ერთობა გრძელდება? დიახ, გრძელდება და ფართოვდება. ეს არ იყო ჩვენი წინასაარჩევნო სვლა და გეგმა. ჩემი რწმენაა, რომ მომავალში ამ ქვეყანას უნდა ჰყავდეს კოალიციური მმართველობა. ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ უარი უთხრას საბჭოთა წარსულს და სვლა ამაყად გააგრძელოს ევროპული ოჯახისკენ",- აცხადებს მელია.

ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიცია მშვიდობიან საპროტესტო აქციებს აპირებს, სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს.

,,კიდევ ერთი შეკითხვა იბადება, რას აპირებთ თქვენ? მოვა დღე, როცა რუსთაველის გამზირი აივსება ხალხით, რომელიც გააპროტესტებს უსამართლობას. რას ვაპირებთ?  ყველა დასაშვები  მშვიდობიანი გზით, არაძალადობრივად მოპარული, არჩევნების უკან დაბრუნებას. 

 რუსთავის ციხესთან დღეს 6 საათზე იწყება აქცია, შეიკრობებიან აურაცხელი რაოდენობის ჩემი თანამებრძოლები და არა მხოლოდ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები, იქ პერმამენტული აქციები იწყება და არ დასრულდება, სანამ მთავარ მიზანს არ მივაღწევთ, მოკლე ვადაში ჩვენ უნდა მოვახერხოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა და მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. მეორე ეტაპი კი იქნება ყველა პოლიტიკური დევნილის, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება. 

ფიცს ვდებ თქვენ წინაშე, სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ, რადგან მე უკვე ვგრძნობ, რომ შეიძლება შემრცხვეს ჩემი 6 წლის სანდროსი. მირჩევნია, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, საკანში ვიჯდე, მირჩევნია, საერთოდ არ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო, როდესაც სუს-ი, პროკურატურა, ძველი ბიჭი, კრიმინალი ებრძვის ქართველ ხალხს. ჩვენ არ გვიწერია საკნებში დიდი ხანი ჯდომა. ჩვენ მეგობრებს, რომლებსაც აქვთ თავისუფლება შეზღუდული, გავათავისუფლებთ, მაგრამ ჩვენ რევანშს არ მოვუწყობთ იმ ადამიანებს, ვინც ახლა გვებრძვის“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში