უბნების გადათვლის შემდეგ ცვლილებამ პროცენტების მეათასედები შეადგინა - მამუკა მდინარაძე

03 ნოემბერი 2021, 15:45 1701 ნახვა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო უბნების გადათვლის შედეგებმა კვლავ არ დატოვა სივრცე, ვინმემ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით რაიმე სახის სერიოზულ ხარვეზებზე იმანიპულიროს.

მამუკა მდინარაძის თქმით, 1832 უბნიდან გადათვლილია 259 უბანი, საერთო ჯამში ცვლილებამ კი პროცენტების მეათასედები შეადგინა.

''მაგალითად, თბილისში, ჩვენს კანდიდატს კახა კალაძეს დაემატა 13 ხმა, რაც ხმების 0,005 პროცენტია. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნიკანორ მელიას დააკლდა 11 ხმა, რაც დაახლოებით იგივე პროცენტს შეადგენს.

ბათუმში არჩილ ჩიქოვანს დაემატა ერთი ხმა, გიორგი კირთაძესაც დაემატა ერთი ხმა. ზუგდიდში მამუკა წოწერიას დაემატა ერთი ხმა, ანზორ მელიას – არც ერთი. ქუთაისში დეკანოიძეს არც ერთი ხმა, ხახალეიშვილს ორი ხმა დაემატა. გადათვლებით, ყველაზე მეტი – 34 ხმა დაემატა გიორგი ნემსაძეს ცაგერში. მისი ხმები ჩათვლილი იყო ბესარიონ ბენდელიანის სასარგებლოდ, შესაბამისად, ბენდელიანს დააკლდა 34 ხმა.

საბოლოო ჯამში, ხედავთ, რომ ცვლილება გადათვლებით არ მომხდარა და არჩევნების შედეგები პრაქტიკულად აბსოლუტური სიზუსტით ემთხვევა ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ხაზგასასმელია, რომ გადათვლას შედეგები არ შეუცვლია, არც რომელიმე უბნის და მით უმეტეს, არც რომელიმე ოლქის დონეზე.

„როგორც აღვნიშნეთ, გამონაკლისი ცვლილებები პროცენტებში მეათასედებს შეადგენს. კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების კარგი ადმინისტრირებისთვის და საზოგადოებას, რომელმაც ეს გამარჯვება უზრუნველყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში