თორნიკე რიჟვაძის მამა ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ სიით შესულ წევრებს ემუქრება და მათ მოსყიდვას ცდილობს - კირთაძე

05 ნოემბერი 2021, 13:30 12382 ნახვა

თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე, რომელიც არის აჭარის ძალოვანი სტრუქტურების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, საკრებულოს იმ წევრებთან, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიით გახდნენ დეპუტატები, ახორციელებს სხვადასხვა ტიპის მუქარას და აქვს მოსყიდვის მცდელობა - განცხადება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" გაკეთდა.

გიორგი კირთაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე მოუწოდა თორნიკე რიჟვაძეს და  მამას - დავით რიჟვაძეს შეეშვან ამ ყველაფერს.

კირთაძემ ოპოზიციური პარტიების  წარმომადგენლებსაც მოუწოდა, სასწრაფოდ დაიწყონ მოლაპარაკება და ჩამოაყალიბონ მყარი უმრავლესობა საკრებულოში.

"ჩვენ კარგად გვახსოვს არჩევნების წინ თორნიკე რიჟვაძის მამა, დათო რიჟვაძე სპორტსმენებთან როგორ ურთიერთობდა. მოსყიდვითა და შანტაჟით ცდილობდა მათ გამოყენებას ოპოზიციაზე ზეწოლისთვის. ამაზე თავის დროზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, თუმცა ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც სხვა საქმეები, რომელიც ეხება ხელისუფლებას და რა თქმა უნდა ის პასუხისმგებლობას გადაურჩა.

 "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა  გადამწყვეტი შტურმი და იერიში მიიტანოს ბათუმის საკრებულოზე და ხალხის ნებაზე, რომელმაც ცალსახად თქვა, რომ ბათუმის საკრებულო უნდა იყოს ოპოზიციური და მრავალპარტიული ოპოზიცია, მრავალპარტიული უმრავლესობა უნდა იყოს საკრებულოში, ახლა ცდილობენ, რომ ეს რეალობა შეცვალონ. ამ ყველაფერში ისევ ჩართული არის თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე, რომელიც არის აჭარის ძალოვანი სტრუქტურების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. იგი საკრებულოს იმ წევრებთან, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიით გახდნენ საკრებულოს წევრები ახორციელებს სხვადასხვა ტიპის მუქარას და აქვს მოსყიდვის მცდელობა.

 

მინდა გავაფრთხილო თორნიკე რიჟვაძე და მისი მამა დათო რიჟვაძე, შეეშვას ამ ყველაფერს. აუცილებლად  მოუწევს სამართლებრივი პასუხისგება ამ ყველაფერზე და ეს დრო არ არის შორს. უნდა შეეგუონ იმ აზრს, რომ ამ ქვეყანში არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ იყიდებიან.

ასევე მინდა მოვუწოდო სხვა ოპოზიციურ პარტიებს სასწრაფოდ დავიწყოთ მოლაპარაკება და ჩამოვაყალიბოთ მყარი უმრავლესობა საკრებულოში, რათა საბოლოოდ შეგვეშვას "ქართული ოცნების" ეს ბოროტი მანქანა და შეწყვიტოს ზეწოლა ჩვენს წევრებზე"-განაცხადა გიორგი კირთაძემ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში