ოპოზიცია აქციას ხვალ რუსთავის ციხესთან გამართავს

05 ნოემბერი 2021, 18:10 929 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციას ხვალ 17:00 საათზე რუსთავის ციხესთან გამართავს. ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ რუსთავის ციხესთან შეიკრიბებიან და არ დაიშლებიან, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო საავადმყოფოში არ გადაიყვანენ .

"ერთადერთი ვინც ანთხევს ბოღმას და ზიზღს ეს არის ხელისუფლება, არაკაცების ხელისუფლება, დიახ არაკაცებისაა ხელისუფლება, როდესაც ისინი 35 დღის განმავლობაში 35 დღის მოშიმშილე ქვეყნის მესამე პრეზიდენტს დასცინიან. არაკაცობაა, როდესაც შენ შეგიძლია შეჯიბრი გამართო ხელისუფლებაში ვინ უფრო მწვავედ გააკრიტიკებს და დასცინებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, მის ქვემოთ ღარიბაშვილი, კობახიძე კალაძე და სხვები არიან ჩვეულებრივი მკვლელები, რომლებიც ხელებს იფშვნეტენ, როდის მოკვდება და მოკლავენ მიხეილ სააკაშვილს.

ხვალ ჩვენ ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ, რუსთავში, რუსთავის ციხესთან 5 საათზე, ძალიან ბევრნი, ეს აქცია იქნება პერმანენტული და მზარდი. დრო და დრო ჩვენ შემოგვიერთდებიან ყველა ჩვენი პატრიოტი თანამოქალაქე ყველა ქალაქიდან, ყველა რეგიონიდან და ყველა სოფლიდან. იქ ვიდგებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. დამატებით გეგმის კომპონენტებზე დამატებით გაცნობებთ, ვინაიდან წინასწარ არ გვაქვს სურვილი ბიძინა ივანიშვილის დამნაშავე ხელისუფლებას ცხოვრება გავუადვილოთ. 

ხვალ, 17:00 საათზე ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ რუსთავის ციხესთან, ძალიან ბევრი. ეს აქცია იქნება პერმანენტული და მზარდი. ხვალიდან ვიწყებთ დარჩენით. დრო და დრო ყველა პატრიოტი მოქალაქე შემოგვიერთდება ყველა რეგიონიდან, ქალაქიდან და სოფლიდან. იქ ვიქნებით, ვიდრე სააკაშვილს სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში არ გადაიყვანენ, ამიტომ ხვალ 5 საათზე რუსთავის ციხესთან ვიწყებთ აქციებს. ხვალ 5 საათზე ვიკრიბებით რუსთავში, მაგრამ არ ვიშლებით", - აცხადებს ნიკა მელია

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში