ოპოზიცია ხვალ თავისუფლების მოედანზე აქციას გამართავს

07 ნოემბერი 2021, 21:42 1149 ნახვა

8 ნოემბერს, 8 საათზე თავისუფლების გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან დავიწყოთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, რომლითაც ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა მოსთხოვა.

"ჩვენი ბრძოლა არის საბოლოო და გადამწყვეტი. ჩვენ სხვა უფლება გარდა გამარჯვებისა აღარ გვაქვს - ყველა ხაზი გადალახულია და არის რისკი იმისა, რომ ავტორიტარულ ბანანის რესპუბლიკას დავემსგავსოთ, რომელიც სიღარიბეში იხრჩობა და რუსეთის უბრალო ვასალი და ნების შემსრულებელია. ეს ყველაფერი ხდება ჩვენს თვალწინ. 

ჩვენ ვიბრძვით მოპარული არჩევნების და მიტაცებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად და ეს ბრძოლაც არის საყოველთაო, არა ერთპარტიული, არამედ ყველა პატიოსანი მოქალაქის საქმეა.  ჩვენ ვიბრძვით ჩვენი მომავალი თაობების შანსისთვის ბავშვობიდან არ იზრდებოდნენ დაპირისპირების, მტრობის, სიძულვილის გარემოში. არამედ სხვადასხვა შეხედულებების და გემოვნების ადამიანებს გვქონდეს საშუალება თანამშრომლობის, მეგობრობის, შიშის გარეშე ცხოვრების. 

ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ბოლო-ბოლო, 30 წლის თავზე აღარ გვისმენდენ, არ გვატერორებდნენ, ხმის მიცემას არ გვაიძულებდნენ, გაღარიბებულ ადამიანებს ორ გროშად არ ქრთამავდნენ.  ჟურნალისტებს არ კლავდნენ ველურები შუაგულ თბილისში.ევროკავშირის დროშას არ წვავდნენ.

ჩვენ ვიბრძვით თუნდაც იმისთვის, რომ 4 შვილის დედას ელენე ხოშტარიას არ უწევდეს შიმშილობა, რომ გადაგიჟებულ ხელისუფალს აუხსნას, რომ მკურნალობის უფლება ყველას აქვს. და ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე ამ ყველაფრისთვის.

ვიბრძვით, რომ საქართველო დასავლური ოჯახის ღირსეული წევრი იყოს და ხელში არ ჩაიგდოს რუსეთმა, ჩვენ ვიბრძვით, რომ სასამართლო არ იყოს მორჩილთა კლანი, ალბათ უფრო მონათა კლანი უნდა ვთქვა, რადგან ეს ასე არის, ყოველდღე არ გარბოდნენ ქვეყნიდან ახალგაზრდები, ყოველდღე ვიღაც არ კარგავდეს სასამსახურს და ჩვენს ხარჯზე არ მდიდრდებოდეს ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლობა ხელისუფლებაში

ამიტომ და არა მხოლოდ ამიტომ, ძვირფასო მეგობრებო, ყველანი ხვალ, თავისუფლების მოედანზე, 8 ნოემბერს, რვა საათზე, თავისუფლების გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან უნდა დავიწყოთ, ყველანი იქ, სადაც საქართველოს ისტორია არაერთხელ დაწერილა. გამხნევდით და ყველაფერი მაგრად იქნება. ისტორიის წინაშე ქართული საზოგადოება დამარცხებული არასდროს გამოსულა და არც უახლოეს მომავალში გამოვა. ჩვენ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ სიმართლის სახელით“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში