აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

09 ნოემბერი 2021, 11:09 1073 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები იუსტიციის სამინისტროსთან მსვლელობით მივიდნენ და აქციას მართავენ. შეკრებილები იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების თქმით, რატი ბრეგაძესთან კითხვები აქვთ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

„ის, რაც გუშინ საქართველოში მოხდა, იყო პრაქტიკულად საბოლოო ზღვარი, როგორც იქცევა რეჟიმი, როგორც იქცევა კლეპტოკრატია, ოლიგარქია, როცა პრეზიდენტს იტაცებენ, შემდეგ მიჰყავთ გლდანის სასჯელაღსრულების სამედიცინო ცენტრში, ისე, რომ ჩვენ საათნახევარი ვეძებდით და ვერ მივაკვლიეთ, ვერავინ, სახალხო დამცველმაც კი ვერ მიაკვლია. ამის შემდეგ მიდიან და იქ აწყობენ ხმაურს'' - აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

ნიკა მელია კი აცხადებს, რომ აქციები სხვადასხა წერტილში გაიმართება. ის მოქალაქეებს 19:00 საათზე რუსთაველზე, პარლამენტის წინ შეკრებისკენ მოუწოდებს.

„სამარცხვინო მოცემულობა დასრულდება. ბევრ პოლიციელს უკვე ვეღარ გაარჩევ კრიმინალისგან. ცხადად ჩანან პოლიციის ფორმებში გამოწყობილი ადამიანები როგორ იქცევიან უკვე კრიმინალებად. აღარც მალავენ, აღარც ეთაკილებათ. არც აქვთ პრეტენზია, რომ ისინი სამართალდამცვეელბი არიან. გუშინ ვთქვი და ასე იქნება მომდევნო დღეების განმავლობაში მანამ, სანამ მთავარი მიზანი მიღწეული არ იქნება, საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე იქნება ურყევი, ორგანიზებული, დისციპლინირებული და თანმიმდევრული'' - აცხადებს ნიკა მელია.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და გათავისუფლებაა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში