ხალხს ვეღარ აგროვებენ და ცდილობენ მიმართონ ისეთ ფორმას, რომელსაც ხალხის შეგროვება აღარ სჭირდება - კობახიძე

16 ნოემბერი 2021, 14:33 1335 ნახვა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია ხალხს ვეღარ აგროვებს და ახლა ცდილობს ისეთ ფორმას მიმართოს, რომელსაც ხალხის შეგროვება აღარ სჭირდება.

''ქართული ოცნების'' თავმჯდომარის განცხადებით, ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებისა და მხარდამჭერების მოთხოვნა აბსურდულია. 

"პირველი - არავითარი კრიზისი არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობდა თავის დროზე, ყველაფერი იყო ხელოვნური, ახლაც აბსოლუტურად ყველაფერი არის ხელოვნური და ამას ხელოვნურ კრიზისსაც ვერ დავარქმევთ. საზოგადოება ხედავს ყველაფერს, ისინი ხალხს ვეღარ აგროვებენ და ცდილობენ მიმართონ ისეთ ფორმას, რომელსაც აღარ სჭირდება ხალხის შეგროვება. ეს არის პოლიტიკური მხარე.

რაც შეეხება თვითონ მოთხოვნას, მოთხოვნა არის თავისთავად აბსურდული და უკვე არის სრული აბსურდის თეატრი, რასაც ჩვენ ვხედავთ.

რაც შეეხება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ისე ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ჩვენი, ხელისუფლების მხრიდან არის რაღაც ახირება მისი არგადაყვანა, სინამდვილეში ხდება რა - თქვენ წარმოიდგინეთ ორ კვირაზე მეტია ისინი ამ მოთხოვნას აყენებენ და ამ ორი კვირის განმავლობაში ამის არავითარი აუცილებლობა არ არსებობდა. რატომ უნდა ყოფილიყო სააკაშვილი ეს ორი კვირა და მეტი სამოქალაქო საავადმყოფოში აბსოლუტურად გაუგებარია, ეს არის აბსურდი. 

მეორე, წარმოდგინეთ ამ ორი კვირის განმავლობაში რა იქნებოდა სამოქალაქო საავდმყოფოში და სამოქალაქო საავადმყოფოსთან. ერთი, რომ იქნებოდა ადამიანი, რომელიც უნდა იყოს ციხეში, ციხის გარეთ, გაუგებარი მიზეზით და თანასწორობა უნდა იყოს დაცული ყველას მიმართ.

მუდმივი რისკი, იქ საჭირო იქნებოდა სამართალდამცავი ორგანოების აბსოლუტურად არასაჭირო მობილიზაცია, მაშინ, როდესაც შეიძლება, რომ სხვანაირად განვითარდეს პროცესები, იქ მცდელობები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის ერთადერთი მიზნით გამოცხადებული, მიზანი არის ის, რომ რამენაირად სააკაშვილი გაიყვანონ ციხიდან, ეს არის დღესავით ნათელი და ბუნებრივია, ამ ახირებას ჩვენ ვერ გავყვებით", - აღნიშნა კობახიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში