როდესაც ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშაა, არ უნდა იყოს დებატი და განხილვა - კელი დეგნანი სააკაშვილზე

19 ნოემბერი 2021, 14:25 872 ნახვა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა დაინტერესებულია პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობით. 

კელი დეგნანის თქმით, გაუგებარია, რატომ არ ხდება სამედიცინო ჯგუფის რეკომენდაციების გათვალისწინება იმ პირობებში, როდესაც ადამიანის სიცოცხლეა დასაცავი.

„ძალიან შეშფოთებული ვართ სააკაშვილის მდგომარეობით. როდესაც ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშაა, არ უნდა იყოს არანაირი დებატი და განხილვა, საჭირო მკურნალობის მიწოდების კუთხით ყველა შესაძლო ნაბიჯის გადადგმასთან დაკავშირებით. უდიდესი ნდობას ვუცხადებთ სახალხო დამცველს, მის გუნდს და სამედიცინო ჯგუფს, რომელიც მუშაობს მისი ეგიდით. მათი შეფასებაა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არის კრიტიკული და მას სჭირდება სრული მკურნალობა, რომ ის, რაც მოხდა, აღარ განმეორდეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, თუ არ არის შესაბამის დაწესებულებაში.

ამ საკითხს დიდ ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ საელჩო, არამედ ვაშინგტონიც და საქართველოს სხვა მეგობრებიც, როგორიცაა ელჩი იან კელი, რომელიც აკვირდება სიტუაციას შეშფოთებით. რთულია იმის გაგება, რომ ის ზომები, რომლის მიღება საჭიროა ადამიანის სიცოცხლის დასაცავად, რატომ არ არის მიღებული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციების შესაბამისად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩის თქმით, მცდელობა, რომ ძირი გამოუთხარო ან დაემუქრო სახალხო დამცველის ოფისს, მიუღებელია. 

„სახალხო დამცველი და მისი გუნდი აკეთებენ ზუსტად იმას, რისი უფლებაც მათ საქართველოს კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული -ისინი არიან ადამიანის უფლებების დამცველები, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ისინი ასრულებენ ნამდვილად აღსანიშნავ სამუშაოს ინტენსიური ზეწოლის ქვეშ, იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას მიაწოდონ ზუსტი, მიუკერძოებელი, ობიექტური ინფორმაცია, რომელიც საქართველოს მოსახლოებას სჭირდება და რომლის სერიოზული ნაკლებობაც არის.

სახალხო დამცველი იმსახურებს ბევრ მხარდაჭერას და როგორც აქამდეც მითქვამს, ის იმსახურებს მოწონებას და ქებას და არა კრიტიკას,“ - განაცხადა კელი დეგნანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში