უნდა დაველოდოთ მიხეილ სააკაშვილის პასუხს, არ ვიშლებით, სანამ ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში - ნიკა მელია

19 ნოემბერი 2021, 16:15 1009 ნახვა

ჩვენ, უნდა დაველოდოთ მიხეილ სააკაშვილის პასუხს, არ ვიშლებით, სანამ ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში - ასე მიმართა პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ

ნიკა მელიას განცხადებით, ის დღეს აქციაზე მოდიოდა კონკრეტული, მწვავე გეგმით, მაგრამ გზაში აცნობეს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზება.

"მე დღეს აქ მოვედი კონკრეტული გეგმით, რომელიც უნდა გამეცნო თქვენთვის. გეგმა, რომელიც იქნებოდა მწვავე, მაგრამ არაძალადობრივი. გზაში დაგვაწიეს ცნობა, რომ სააკაშვილს გადაიყვანენ გორის ჰოსპიტალში.

იქ გადაყვანა რომ ნდომოდათ, რუსთავიდან გლდანში არ გადაიყვანდნენ, მაგრამ თქვენმა ბრძოლამ გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება საათობრივად აკეთებს მიხეილ სააკაშვილზე განცხადებებს.

ეს არის ის, რაც უნდოდა ,,ოცნებას'', ჩავეთრიეთ ჩვენ ძალადობრივ პროცესებში.

დღეს, ჩვენ ვაიძულეთ რეჟიმი და ხელისუფლება გაეკეთებინა ის განცხადება რაც გააკეთა.

უნდა დაველოდოთ მიხეილ სააკაშვილის პასუხს, დარწმუნებული ვარ, რომ მისი პოზიცია იქნება სწორი და მისი სიცოცხლე ძვირფასია პირველ რიგში მისთვის და ის, რომ მისი სიცოცხლე დაკავშირებულია სახელმწიფოს სტაბილურობასთან, ესეც კარგად იცის.

არ ვიშლებით, სანამ ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩვენ არ უნდა დავიშალოთ. ჩვენ ამ რეჟიმს არ ვენდობით, უნდა დავრწმუნდეთ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ამის შემდეგ სხვა გეგმებზე ვისაუბრებთ"-განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ მიტაცებულ სახელმწიფოს არ დაიბრუნებენ და მიტაცებულ არჩევნებს არ დაიბრუნებენ.

"ამ ბრძოლას ვერაფერი შეაჩერებს, მაგრამ ელენე ხოშტარიას, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე მნიშვნელოვანია. ეს ადამიანებიც უნდა ჩაერთონ ამ ბრძოლაში. ჩვენ არ გვინდა გავხდეთ მათი ჭირისუფლები"- განაცხადა ნიკა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში