ნაცმოძრაობის საგანგებო ბრიფინგი

24 ნოემბერი 2021, 12:11 1457 ნახვა

ჩვენი ფრაქციის სხვადასხვა წევრებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, ერთ-ერთი პირველი ვისზეც დაიწყო ზეწოლა და მოსყიდვის მცდელობა გახლდათ ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა - ამის შესახებ განცხადება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

გიორგი კირთაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" სჭირდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციიდან ერთი ადამიანის გადაყვანა, რომ უმრავლესობით ყოფილიყო წარმოდგენილი ბათუმის საკრებულოში.

მისივე თქმით, ნუგზარ ფუტკარაძესთან მოლაპარაკებას თორნიკე რიჟვაძის მამის, დათო რიჟვაძის დავალებით სათავეში ჩაუდგა ასლან აბაშიძის დროინდელი ორი მაღალჩინოსანი ძალოვანი ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე. ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დღეს აუდიო ჩანაწერებიც გაასაჯაროეს, რომლითაც მათივე მტკიცებით ზემოთხსენებული ფაქტი დასტურდება.

"ორივე მათგანს რევოლუციის შემდეგ მოუწია აჭარიდან წასვლა და მხოლოდ ივანიშვილის მოსვლის შემდეგ  ისინი დაბრუნდნენ ქალაქში. მათ არაერთი შეხვედრა გამართეს ნუგზარ ფუტკარაძესთან, ჩვენ ამაზე საქმის კურსში ვიყავით, ბატონი ნუგზარი პირადად მაყენებდა საქმის კურსში ამ შეხვედრების შესახებ და როცა ეს ყველაფერი გაუსაძლის ხასიათს იძენდა ბატონმა ნუგზარმა თვითონვე გააკეთა ჩანაწერები ამ შეხვედრების, დარწმუნებული ვარ მეორე მხარეც მსგავს ჩანაწერებს აკეთებდა და  ჩანაწერი მომაწოდა პირადად მე.

 

ჩანაწერი არის აუდიო სახის და მათში კარგად ჩანს როგორ სთავაზობდა ვაჟა თაბაგიძე, რომელიც არის ხელვაჩაურის ახალარჩეული მერის ბიძა და ბადრი ბაკურიძე, მას 100 000 დოლარს. პირადად დათო რიჟვაძე ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს"-განაცხადა გიორგი კირთაძემ.

ნუგზარ ფუკარაძის დის განცხადებით, ისინი ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ.

"ჩემი ძმა ბოლომდე დარჩა იდეის ერთგული და აჩვენა მაგალითი, როდესაც სამშობლოს ეხება, იდეას ეხება არ უნდა გაიყიდოს ადამიანი. ის გამარჯვებული წავიდა ამ ქვეყნიდან. მე ვამაყობ მისით და ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ"- განაცხადა ნუგზარ ფუტკარაძის დამ.

ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით მომხდარი არ შერჩება "ქართულ ოცნებას" და მამა-შვილ რიჟვაძეებს.

"ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას დროულად გადაყენებული იქნას თანამდებობიდან მამა-შვილი რიჟვაძეები და პროკურატურამ გამოიძიოს აღნიშნული საკითხი. პროკურატურა თუ არ გამოიძიებს ამ საკითხს დადგება მათი პასუხისმგებლობაც"- განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

მირდატ ქამადაძის განცხადებით, ცალსახად იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.

"მივმართავთ თხოვნით სახალხო დამცველს, პირად კონტროლზე აიყვანოს აღნიშნული საქმე, ასევე მივმართავთ ყველა საელჩოს და ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოახდინონ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება.

თანამდებობა უნდა დატოვოს ხელვაჩაურის მერმაც, რომლის სახელი და გვარიც მკაფიოდ ისმის ამ ჩანაწერებში"- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში