არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის, ასე დაარქვეს პიარისთვის, სანდრო გირგვლიანის სიკვდილი  ტრაგედია იყო - სააკაშვილი 

29 ნოემბერი 2021, 14:35 1659 ნახვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მის მიმართ წაყენებულ მძიმე ბრალდებებზე დღეს პირველად ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის საქმეს აღნიშნული სახელწოდება პიარის გამო დაარქვეს. 

''მე ვარ გასამართლებული უკვე ორ საქმეზე, ერთი ეხება გაუგონარ რაღაცას, პრეზიდენტის მიერ შეწყალებას. ე.წ. გირგვლიანი საქმე, რომელიც არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის, ასე დაარქვეს პიარისთვის. ტრაგედია  იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი, ის ოფიცრები იყვნენ დაკავებულები. 2008 წლის შემდეგ ომის შემდეგ მოხდა სამხედროების ამნისტია, 280 პირის. მოხდა საპატიმრო ვადის ორჯერ შემცირება, გავიდა 6 თვე და ორმა სხვადასხვა  მოსამართლემ გამოუშვა ესენი. 

მართლა ხომ არ ბნელა ხალხნო, ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დახურული. 

მეორე საქმეზე აღარ ვსაუბრობ, გელაშვილის საქმეზე ერთადერთი ჩვენება არის ''მე გავიგე, რომ იმან გაიგო'' აი ამ ჩვენებით ვარ გასამართლებული. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ეს არ შეიძლება იყოს მიღებული როგორც მტკიცებულება.

რა გასაკვირია, რომ როცა ეს განაჩენები გამოიტანეს და ინტერპოლს გაუგზავნეს, ინტერპოლმა გადაიხარხარა და თავზე გადაგახიათ ეს განაჩენები, როგორც სამარცხვინო, არც დაუწყიათ განხილვა'' - თქვა სააკაშვილმა. 

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარ სასამართლო სხდომაზე 7 ნოემბრის მოვლენებზე ისაუბრა და 20 ივნისს შეადარა.

"რაც შეეხება 7 ნოემბრის საქმეს. ჯერ ერთი ამ კადრებს რომ ატრიალებთ მუდმივად, რომელიც ჩემთვის ძალიან რთული საყურებელია. გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი და შეადარეთ დაზარალებულთა რაოდენობა 20 ივნისს და 7 ნოემბერს, გუშინ არ გქონდათ ლექსო ლაშქარავას მკვლელობა, რომელიც წაახალისა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირმა მისი მოწოდებით?

მე მინდა ვილაპარაკო იმაზე, რა გეოპოლიტიკური კონტექსტი იყო მაშინ საქართველოში. საქართველო მიდიოდა ნატოსკენ. 2006 წელს პუტინმა მითხრა, ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროცესი შეაჩეროს. იმ წელს ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მითხრა, ვინ არის ეს არკადი პატარკაციშვილი, რომელსაც ჩემთან უნდა ჩამოსვლა და ითხოვს ჩემთან შეხვედრის ნებართვასო. მე ვუთხარი, რომ როგორც გინდა ისე მოიქეცი, არაფერი მაგ საქმისგან არ გამოვა -მეთქი.

მერე პატარკაციშვილი მაინც ჩადის მინსკში და მერე მიყვება ლუკაშენკო -დამირეკა პუტინმა და მითხრაო, მოვლენო და ისაუბრებენ პატარაკაციშვილთან, აუცილებელი არ არის შენთვის მისი ნახვაო. ლუკაშენკოსგან ვიცი, რომ „ეფესბეს“ სამი გენერალი ჩავიდა და პატარკაციშვილს შეხვდა, შემდეგ კი ლუკაშენკოს გამოუცხადეს, რომ ეს არის საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი. ეს ხდება 2007 წლის სექტემბერში. ამის შემდეგ იწყება კამპანია, რომ უნდა იყოს დიდი გამოსვლები პატარკაციშვილის ორგანიზებული და დაფინანსებული. პატარკაციშვილის ფული იყო მთლიანად რუსული ფული.

2007 წლის ოქტომბერს თბილისში გაიმართა ისტორიული კონფერენცია, ჩამოვიდა ნატოს გენერალური მდივანი, ამერიკის ელჩი ნატოში და პრაქტიკულად ამ კონფერენციაზე გადაწყდა საქართველოსთვის მაპ-ის მიღება. წავიდნენ 30 ოქტომბერს, 2 ნოემბერს კი მოხდა დიდი გამოსვლა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა ვინც ქუჩაში გამოვიდა, ან რუსეთის დაკრულზე ცეკვავდა ან იცოდა პატარკაციშვილის გეგმების შესახებ. ეს იყო რთული პერიოდი, იმიტომ, რომ ჩვენ ჩავატარეთ ძალიან მტკივნეული რეფორმები და ხალხს ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა ჩვენზე გაბრაზებულიყვნენ.

 

იყო დიდი მიტინგი, რომელიც მეც მივიღე როგორც სიგნალი, მიტინგზე მოვიდა პატარკაციშვილი და წარმოთქვა სეფე სიტყვა. 

 

7-ში დილას მაღვიძებენ, რომ იქ პატარა დაპირისპირება მოხდა, დაახლოებით ისეთივე რაღაც მოხდა, რაც დღეს სასამართლოს წინ, როცა გაზი შეასხეს დემოსტრანტებს. ამის შემდეგ ბევრად მეტი ხალხი გამოვიდა. სცენაზე იყო შსს-მინისტრი და ისინი ასრულებდნენ იმ მოვალეობას, რომელიც მათ ჰქონდათ და რომელი გამოცდილებაც ჰქონდა მაშინ ჩვენს პოლიციას, რომელიც იყო ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი.

მე ტელევიზორით ვუყურებდი და არავისთვის დირექტივა არ მიმიცია. ღმერთმა დაგვიფარა და არავინ არ დაიღუპა ამ შეტაკებების დროს, ერთი ადამიანი დაშავდა მძიმედ. ეს ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში, და ამაზე საქმეების აღძვრა არავის აზრად არ მოსდის, განსაკუთრებული მანიაკების გარდა. მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ მე გავაკეთე ის, რასაც ძალიან ცოტა ლიდერი აკეთებს მსოფლიოში, გადავდექი და შევამცირე საპრეზიდენტო ვადა წელიწადნახევრით"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში