გახარიას პარტიის წევრები ბათუმის საკრებულოს პირველ სხდომას არ დაესწრებიან

02 დეკემბერი 2021, 19:27 1965 ნახვა

არ ვაპირებთ არავის სცენარში მონაწილეობას, პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს ახლად არჩეული წევრები ხვალ საკრებულოს სხდომაზე არ მივლენ - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მიქელაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი მიქელაძის განცხადებით, პარტიამ ორჯერ შესთავაზა "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას", საკრებულოებში, ყველა კომისიაში, ბალანსი დაცული ყოფილიყო, თუმცა უარი მიიღეს. რის გამოც ისინი ხვალ საკრებულოს სხდომას არ დაესწრებიან. 

"2021 წლის მუნიციპალური არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი, იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, რომელიც ჩაატარა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის შემდგომ ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად ამისა, ჩვენმა პარტიამ მოიპოვა მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან და წარმოდგენილები ვართ ადგილობრივ დონეზე საქართველოს ყველა რეგიონში და მთელ რიგ მუნიციპალიტეტში გვაქვს გადამწყვეტი ხმები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენზეა დამოკიდებული თუ როგორ დაკომპლექტდება საკრებულოები,  ჩვენ ზუსტად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც დაგვაკისრა საქართველოს მოსახლეობამ. შევთავაზეთ, როგორც "ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე "ოცნებას“ დავმსხდარიყავით მოლაპარაკების მაგიდასთან და მიგვეღო ერთობლივი გადაწყვეტილებები.

იმისათვის, რომ შეთანხმება შემდგარიყო, მზად ვიყავით უარი გვეთქვა ყველა თანამდებობაზე, რაც არის ბათუმის საკრებულოში. სამწუხაროდ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ არც "ქართული ოცნება“ და არც "ნაციონალური მოძრაობა" არ აღმოჩნდა ამისთვის მზად, რადგან მათთვის მიუღებელი იყო ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა, რომ საკრებულოში კომისიები გადანაწილებულიყო თანაბრად. სამწუხაროდ ორივე პოლიტიკურმა ძალამ უარი თქვა, ხოლო "ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ და ღიად განაცხადა, რომ ისინი აპირებენ ინდივიდუალურად მუშაობას ოპოზიციონერ დეპუტატებზე. ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ როგორ მოახერხეს თუნდაც ჩვენი პარტიის ერთი წევრის გადაბირება. მოსყიდვა და ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, თუ როგორ მოხდა, რა გზით მოხდა ეს ყველაფერი. ფაქტი არის ის, რომ ეს ადამიანი აღარ არის ჩვენს რიგებში. 

მზად ვიყავით ყველა ასეთ მუნიციპალიტეტში დაგვესახელებინა ჩვენი კანდიდატები, რათა გაგვემარტივებინა მათთვის გადაწყვეტილების მიღება. ეს მოხდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ „ქართულ ოცნების“ „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლები იქნებოდნენ მოადგილეები და დაგვეხმარებოდნენ ბალანსის დაცვა საკრებულოში, რაც არის ჩვენი ამომრჩევლის ძირითადი მოთხოვნა ჩვენდამი, სრულად ყოფილიყო დაცული საკრებულოში. სამწუხაროდ, ამ მეორე შემთხვევაშიც არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აღმოაჩნდათ საკმარისი პოლიტიკური ნება, რომ მსგავსი ნაბიჯი გადაედგათ.

შეიძლება ითქვას, რომ ამის შემდგომ ვიხილეთ კიდევ უფრო უარესი გაგრძელება და 2022 წლის ბიუჯეტი „ქართულმა ოცნებამ“ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მოიპარა, რადგან ეს ბიუჯეტი ბათუმის სინამდვილეში დაამტკიცა 2017 წლის საკრებულომ, რომელსაც ამის არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდა. რომ ბათუმელებისთვის, ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ქალაქმა, რომ ეს ბიუჯეტი უნდა დაემტკიცებინა მრავალპარტიულ საკრებულოს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით - მოჰპარა. როგორც ხედავთ, ბალანსის დასაცავად ჩვენ გამოვიყენეთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი.

არ ვაპირებთ არავის სცენარში მონაწილეობას, სწორედ ამიტომ ბათუმის საკრებულოს ახლად არჩეული წევრები ხვალ საკრებულოს სხდომაზე არ მივლენ, არ მიიღებენ ამ ცირკში მონაწილეობას. ჩვენ ვაძლევთ "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" საშუალებას ერთად მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რაც სჭირდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გამართულ მუშაობას“ ,- განაცხადა ირაკლი მიქელაძემ.

ცესკოს განკარგულების თანახმად, თვითმმართველი ქალაქების საკრებულოებში ახლადარჩეული წევრების სხდომა 3 დეკემბერს გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში