„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააგრძელა დესტრუქციული ქმედება მას შემდეგ, რაც მოახდინა საკუთარი უფლებამოსილების ლეგიტიმაცია საკრებულოში - თენგიზ აფხაზავა

03 დეკემბერი 2021, 16:00 1008 ნახვა

ბათუმის საკრებულოში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი ბათუმი საკრებულოს წევრმა თენგიზ აფხაზავამ გააკეთა. მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააგრძელა დესტრუქციული ქმედება მას შემდეგ, რაც მოახდინა საკუთარი უფლებამოსილების ლეგიტიმაცია.

''ეს იყო მათი მიზანი იმიტომ, რომ ჩაგდების შემთხვევაში ჩვეულებრივად გააგრძელებდა ფუნქციონირებას ძველი მოწვევის საკრებულო და ცხადია ისინი ამას არ დაუშვებდნენ. როგორც კი დასრულდა ეს პროცესი, მათ გადაწყვიტეს დაეტოვებიათ საკრებულოს პირველი სხდომა და თქვეს, რომ ჩვენ აღარ დავესწრებით არც ერთ სხდომას, რითაც არა ქმედითუნარიანი იქნება ახლა მოქმედი საკრებულო. მე მინდა განგიმარტოთ ორი რამ: იმ შემთხვევაში, თუ დაესწრება დანარჩენი ორი დეპუტატი, რომელიც დღეს არ იღებდა მონაწილეობას, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად იქნება შესაძლებელი გადაწყვეტილებების მიღება. ანალოგიურად, არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გადაიფიქრებს და კვლავ არ შემოვა. ამის არაერთი მაგალითი გვინახავს, როცა პარლამენტში ჯერ არ შედიოდნენ, მერე შევიდნენ.

ბათუმის საკრებულოშიც გვახსოვს, რომ არაერთხელ მიატოვეს სხდომები. ვიტოვებ სასწაულის იმედს, რომ მოეგებიან გონს და დაიწყებენ კონსტრუქციულ მუშაობას ქალაქის განვითარებისთვის. კონსტრუქციული ოპოზიცია ნიშნავს იმას, რომ შენ უნდა დაესწრო საკრებულოს სხდომებს, იზრუნო ქალაქის განვითარებაზე, მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. სწორედ ამისთვის აგირჩია შენ მოსახლეობამ და მანდატი მოგცა. ხოლო, მანდატი გამოიყენო, მიიღო ლეგიტიმაცია და შემდეგ თქვა, რომ მე აღარ ვიღებ მონაწილეობას, ნიშნავს ღალატს იმ მოსახლეობის, რომელმაც შენ დაგიჭირა მხარი,“ - აღნიშნა თენგიზ აფხაზავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში