თანამდებობიდან გადადგნენ თორნიკე და დავით რიჟვაძეები - აქცია პოლიციის სამმართველოსთან

07 დეკემბერი 2021, 14:08 2257 ნახვა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მთავარ სამმართველოსთან "ნაციონალური მოძრაობის'' წევრები და აქტივისტები აქციას მართავენ.

ისინი ნუგზარ ფუტკარაძის საქმის ობიექტურად გამოძიებას მოითხოვენ. მათი განცხადებით, მოსყიდვის ფაქტის გამო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და  მამა - დავით რიჟვაძე თანამდებობიდან უნდა გადადგნენ.

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ნუგზარ ფუტკარაძესთან გამართულ მოლაპარაკებას დავით რიჟვაძეს უკავშირებენ.

საკრებულოს ახალი მოწვევის დეპუტატი ნაზი ფუტკარაძე ამბობს, რომ ვიდრე დავით რიჟვაძე საგამოძიებო უწყებაში იმუშავებს, ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს. 

''თვითონ არის  შემკვეთი რამაც ჩემი ძმა იმსხვერპლა, იმისათვის, რომ საკრებულოში ერთით მეტი ხმა ჰქონოდათ. სანამ ის აქ იქნება არ მაქვს ობიექტური გამოძიების იმედი. ამიტომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. გადადგეს დავით და თორნიკე რიჟვაძეები, რომ ბათუმის ბოროტი მანქანებისგან გავათავისუფლოთ, საკრებულომ შეძლოს ხალხის ინტერესების დაცვა'' - განაცხადა ნაზი ფუტკარაძემ. 

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი მირდატ ქამადაძე კი აცხადებს, რომ ბრძოლა ბოლომდე უნდა მივიდეს. 

''ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნის წინაშე ბრძოლა, ეს ბრძოლა არის ჩვენი შვილების და ამ ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლა. ამ ქვეყანაში ხელიუსუფლებამ გვითხრა არა აქვს მნიშვნელობა  არჩევნებზე  მისვლას, რა შედეგიც არ უნდა დადგეს , ''თოფიანი'' ხალხის დახმარებით შევცვლით ყველაფერსო. ამის ნათელი მაგალითი იყო ბათუმში რაც გააკეთეს. ამის შემდეგ კი ''ქართული ოცნება'' გამოდის და ამბობს თითქოს ოპოზიცია რადიკალური გვყავსო. ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკის არ გაეგებათ და პატივს  არ სცემენ საკუთარ თანამოქალაქეებს. ბიუჯეტიდან მოპარული ფულით, დარბის დავით რიჟვაძე,  არ ესმით, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც იდეალები უფრო მაღალ ფასად მიაჩნიათ  ვიდრე ფული. ამის ნათელი მაგალითი იყო ნუგზარ ფუტკარაძე. მან ყველას უთხრა, რომ პრინციპებისა და ამომრჩევლისადმი ერთგულება არის ყველაზე ღირებული, ვიდრე ნებისმიერი ვალუტა, ნებისმიერი ოდენობით. 

ეს ბრძოლა ბოლომდე არის მისაყვანი. ეს ,,თოფიანი'' ადამიანები ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ნაცვლად, ვადაგასულ სულიკო თებიძეს და საკრებულოს იცავდნენ, იმიტომ რომ თორნიკე რიჟვაძე დარჩენილიყო თანამდებობაზე. ეს დავალება კი დავით რიჟვაძემ გასცა, რომელიც იძიებს იმ საქმეს, რომელშიც ერთ-ერთი ეჭვმიტანილია'' - განაცხადა  მირდატ ქამადაძემ.

24 ნოემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა აუდიო ჩანაწერი. მათი განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით ბადრი ბაკურიძე და ვაჟა თაბაგიძე საკრებულოს წევრის მოსყიდვას გეგმავდნენ და 100 000 დოლარს სთავაზობდნენ.  აუდიჩანაწერი კი ნუგზარ ფუტკარაძემ პარტიის წევრებს გარდაცვალებამდე გადასცა. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში