პარლამენტმა აზარტული თამაშების შეზღუდვის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

15 დეკემბერი 2021, 19:05 1701 ნახვა

სათამაშო ბიზნესისთვის შეზღუდვების დაწესების საკითხს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 78 მომხრე ერთი წინააღმდეგი, მხარი დაუჭირა. აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრება რვა კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.

კანონპროექტი ითვალისწინებს როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში სათამაშო ბიზნესის რეკლამირების აკრძალვას, ასევე, აზარტულ და მომგებიან თამაშებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვრის 25 წლამდე გაზრდას.

ცვლილებები შეეხება მათ შორის, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ; რეკლამის შესახებ; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საგადასახადო კოდექსში და სხვა.


  • 25 წლამდე ასაკის პირთა (18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის) თამაშში მონაწილეობა აკრძალული იქნება.
  • ასევე, დამოკიდებულ პირთა სიისა და აკრძალულ პირთა სიის შექმნა მოხდება. კერძოდ, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ პირი თავისი განცხადების საფუძველზე მოითხოვს დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანას, ასევე მისი ოჯახის წევრი უფლებამოსილი იქნება, სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა.
  • ამასთან, განისაზღვრება აკრძალულ პირთა წრეც და აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა აეკრძალებათ – საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს, მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებული პირებს, ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირებს და ასევე სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებს.
  • ამავე პროექტით, ქართული საგადასახადო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნით ონლაინგადახდები იკრძალება. პროექტით, ყველა საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის, კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკრძალებათ, ურთიერთობა დაამყარონ უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან, მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.
  • საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი პუნქტების გაჩენას, რაც კანონის მოთხოვნების დარღვევასთან იქნება დაკავშირებული. ასევე, ცვლილებები შედის რეკლამის შესახებ კანონში, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის კანონსა და სხვა კანონებში.
  • აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება – შემოდის ახალი სახის ჯარიმები, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა კი, იზრდება.

მმართველმა გუნდმა კანონში ცვლილებები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ მოამზადა, რომელმაც ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადის გაზრდა და რეკლამის აკრძალვა დააანონსა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში