უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი წევრებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი არ დაუჭირეს 

16 დეკემბერი 2021, 12:40 1508 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში 6 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს საკანონმდებლო ორგანომ მხარი არ დაუჭირა.

გია აბულაძის, გიორგი კირთაძის, მედეა ვასაძის, ელგუჯა ბაგრატიონის, მამული სურმანიძის, ლევან ანთაძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დღეს საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრაზე დადგა, თუმცა დასაკმაყოფილებლად საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ მიიღო.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, მართალია ისინი არ ესწრებოდნენ უმაღლესის სხდომებს და არასაპატიო მიზეზით გაცდენები დაუგროვდათ, თუმცა ეს პოლიტიკური ბოიკოტის ფორმასთან ძალიან ახლოსაა, ამიტომ საკითხი არ დაკმაყოფილდა. 

"აქ არის ერთი სამართლებრივი საკითხი, მათ დაწერილი ჰქონდათ განცხადება საკანონმდებლო ორგანოდან გასვლის თაობაზე და ეს განცხადება შესაძლოა გათანაბრდეს პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმთან"- განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.

დავით ბაციკაძის თქმით, კომისიების სხდომებს ოპოზიციიდან მხოლოდ მედეა ვასაძე ესწრება. ასევე მუშაობს ირაკლი ჩავლეიშვილი, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში არ არის. 

''ბოიკოტის რეჟიმი ეხება მხოლოდ და მხოლოდ სესიას და არ ეხება კომისიის სხდომებს. ჩვენი კოლეგები არ მოდიან და თავის უფლებამოვალეობას არ ასრულებენ. კანონში ცალსახად ჩანაწერია იმაზე, რომ თუ დეპუატტები აცდენენ და არ მოდიან, ეს ეხება კომიტეტის სხდომებს, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეთ. სხვა თემა ჩვენ რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რამდენად უფრო პატივისცემით მოვექცევით მათ ამომრჩეველს. ეს არის ბოლო, შემდეგ უკვე სხვა გადაწყვეტილებას მივიღებ '' - განაცხადა დავით ბაციკაძემ. 

დღევანდელ სხდომაზე დავით გაბაიძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს ტრიბუნიდან მოუწოდა, რომ დაბრუნედნენ სხდომათა დარბაზში და  გააგრძელონ ოპონირება.

ოპოზიციონერი დეპუტატები დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდნენ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში