ბიზნესს დავუბრუნეთ სიმშვიდე  - ნათია თურნავა 

16 დეკემბერი 2021, 17:40 1097 ნახვა

საქართველოს პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს უსმენენ. ნათია თურნავა საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოდის.

მინისტრი ამბობს, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, ინფლაციის მაღალი მაჩვენებელია, რომელიც მომავალი წლის ბოლოს მიზნობრივ სამპროცენტიან ნიშნულს დაუბრუნდება.

მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით ინფლაციური ზეწოლის შემამცირებელი კლასიკური ბერკეტია.

ნათია თურნავას განცხადებით, პანდემიამ გარკვეული ტიპის პრობლემები შექმნა, თუმცა ჩაკეტვებზე უარის თქმით, ბიზნესს დაუბრუნდა სიმშვიდე. 

''2021 წელი იყო თვისობრივად განსხვავებული, ვიდრე წინა, 2020, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიცოდით პანდემიასთან ბრძოლის სხვა, უფრო ეფექტური მეთოდი, საზღვრების და ეკონომიკის ჩაკეტვის გარდა და შესაბამისად, გაჩერებულ ეკონომიკასაც ვერაფრით ვეხმარებოდით წერტილოვანი სუბსიდიების გარდა. ამ თვალსაზრისით, 2021 წელი გახდა ნამდვილი გარღვევის ეტაპი.

ჩვენ გაზაფხულზე მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - უარი გვეთქვა ჩაკეტვებსა და პანდემიასთან ბრძოლაში გადავსულიყავით უპირატესად ვაქცინაციაზე. შედეგად, გავხსენით ეროვნული ეკონომიკა, შევქმენით ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობისთვის ხელსაყრელი გარემო, ბიზნესს დავუბრუნეთ სიმშვიდე და პროგნოზირებადობის განცდა. ანუ ყველა გაგებით 2021 წელი არის სწრაფი აღდგენის წელი და შემდგომი მშვიდობიანი განვითარების კარგი საწინდარი'' - განაცხადა მინისტრმა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში