ვუყურე პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლას, ხელისუფლების წარმომადგენლისგან პირველად მოვისმინე სიტუაციის ზუსტი დახასიათება - სააკაშვილი

16 დეკემბერი 2021, 22:03 1145 ნახვა

ვუყურე პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლას, პირველად მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლისგან სიტუაციის ობიექტური და ძალიან ზუსტი დახასიათება - ჩემი ციხის საკნიდან მივესალმები დიალოგის შეთავაზებას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი. 

მისივე თქმით, მშვიდობიანი პროტესტის პარალელურად, მიესალმენა დიალოგის შეთავაზებას.

"ვუყურე პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლას.

პირველად, მრავალი წლის განმავლობაში, მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლისგან სიტუაციის ობიექტური და ძალიან ზუსტი დახასიათება. ის, რომ ჩვენ ეკონომიკური ბუმი და წარმატებები კი არ გვაქვს, როგორც მთავრობა ამბობს, არამედ ქვეყანაში არის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური კრიზისი და საქართველოს მასობრივად ტოვებს ხალხი. ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება ვერ მიდის წინ.

ამის თქმას ნამდვილად დიდი გამბედაობა სჭირდებოდა და დღეს სალომე ზურაბიშვილმა ეს თვისება უდაოდ გამოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, რომ ქვეყნის გათავისუფლების და წინსვლის მთავარი გასაღები თანმიმდევრულ და მშვიდობიან სახალხო პროტესტშია, ამის პარალელურად, ჩემი ციხის საკნიდან მივესალმები დიალოგის შეთავაზებას.

ერთი წუთით არ შევწყვეტ ბრძოლას, სანამ ის უმძიმესი სიტუაცია, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმაც აღწერა დღევანდელ გამოსვლაში, თითოეული ქართველისთვის რეალურად და რადიკალურად არ შეიცვლება. ამ მხრივ, ორივე ხსენებულ გზას, მშვიდობიან პროტესტს და ინკლუზიურ დიალოგს გადამწყვეტი როლი აქვს. მთავარი ახლა შედეგია - ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა, ერთხელ და სამუდამოდ და შეუქცევადად დასავლურ გზაზე დაყენება და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთადერთი მტრის - რუსეთისგან სამუდამოდ გამოხსნა.

საბოლოო ჯამში, ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ და სამოქალაქო თანხმობას, თამაშის პატიოსან წესებზე შეთანხმებას ალტერნატივა არ აქვს. საქართველოში აუცილებლად ჩატარდება პატიოსანი არჩევნები. იქნება თავისუფალი სასამართლო, დასრულდება ნეპოტიზმი და კორუფცია, გაიხსნება შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა აღარ მოუხდეთ გაქცევა და საქართველო ისევ იქნება მოწინავე და მაგალითის მიმცემი ქვეყანა, რომლითაც ყველანი ვიამაყებთ," - წერს სააკაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში