გამოსავალი მხოლოდ ერთია - დაუღალავი ბრძოლა, გაუცხოების კედლის განგრევა - მიხეილ სააკაშვილი

21 დეკემბერი 2021, 12:01 1168 ნახვა

"გამოსავალი მხოლოდ ერთია - დაუღალავი ბრძოლა გაუცხოების კედლის განგრევა, ყველა თანამემამულესთან თუნდაც მცირედი საერთოს პოვნა და ქუჩის პროტესტის, სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოს შიგნით და გარშემო ბრძოლით შედეგის მიღწევა. მხოლოდ ეს აიძულებს მათ დიალოგზე წამოსვლას და ნამდვილი არჩევნების დანიშვნას"-ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე გავრცელდა.

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, მისთვის არჩევანი დღესავით ნათელია - ან სიკვდილი, ან თავისუფლება, იმიტომ, რომ საქართველო თავისუფლების გარეშე მოკვდება და მაშინ ჩემს სიცოცხლესაც აზრი ეკარგება.

"მოგესალმებით ციხის საკნიდან, სადაც ჩამსვეს იმისთვის, რომ თანამედროვე სახელმწიფო შევქმენით, ახალი ქალაქები აღმოვაჩინეთ, რუს ინტერვენტებს წინააღმდეგობა გავუწიეთ და ჩვენი დედაქალაქი არ ჩავაბარეთ.

მე აქ ჩამსვეს და მკლავენ იმისათვის, რომ ეკონომიკა ოთხჯერ გავზარდეთ, ბიუჯეტი 12-ჯერ, პენსიები ათჯერ. იმისათვის, რომ საქართველოს სიამაყე და ბრწყინვალება დავუბრუნეთ საუკუნეების შემდეგ და კეთილი შურის ობიექტად ვიქეცით მთელი რეგიონისთვის. მე მსჯიან იმიტომ, რომ საქართველო, პირველად ისტორიაში, მსოფლიო კლასის მოთამაშე გახდა და ჩვენ არამხოლოდ საკუთარ ბედს განვსაზღვრავდით, არამედ როგორც თანასწორი, იმ მაგიდას მივუჯექით, სადაც წყდებოდა მსოფლიოს ბედი და იქ ჩვენს სიტყვას წონა ჰქონდა. ეს ვერ აიტანა ჩვენმა მტერმა და ჩვენმა შურით, ღვარძლით აღსავსე შიდა გამყიდველმა.

მე მშვიდობიანად გადავეცი ხელისუფლება და გავეცალე აქაურობას იმისათვის, რომ არავისთვის ხელი არ შემეშალა და ქართველ ხალხს თავად განესაზღვრა საკუთარი ბედიც და არჩევანიც.

მე წავედი და დავტოვე მყარი სახელმწიფო ინსტიტუტები, რამდენიმე მილიარდი ხაზინაში განვითარებისთვის, ძალიან სწრაფად მოძრავი ეკონომიკა, რომელმაც რამდენიმე წელი ინერციით მაინც გაძლო.

მე დავბრუნდი იმიტომ, რომ დავინახე, რომ ყველაფერი გაჩერდა. დღეს საქართველოს ეკონომიკის მოცემულობა ისეთივეა, როგორც 2012 წელს. ფასები სამჯერ გაზრდილია, სამუშაო ადგილები ორჯერ შემცირებული, ქვეყანა იცლება. და რაც მთავარია, ჩვენს ხალხს წაართვეს არჩევანი და უთხრეს, რომ საქართველოში დემოკრატიული გზით უკვე ვეღარაფერს შეცვლიან. რომ ქართველებს აქვთ მხოლოდ ორი არჩევანი - უსიტყვო მონობა ან მეორეხარისხოვან სამუშაო ძალად წასვლა უცხოეთში.

 

პირადად ჩემთვის, არჩევანი დღესავით ნათელია - ან სიკვდილი, ან თავისუფლება, იმიტომ რომ საქართველო თავისუფლების გარეშე მოკვდება და მაშინ ჩემს სიცოცხლესაც აზრი ეკარგება.

 

გამოსავალი მხოლოდ ერთია - დაუღალავი ბრძოლა გაუცხოების კედლის განგრევა, ყველა თანამემამულესთან თუნდაც მცირედი საერთოს პოვნა და ქუჩის პროტესტის, სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოს შიგნით და გარშემო ბრძოლით შედეგის მიღწევა. მხოლოდ ეს აიძულებს მათ დიალოგზე წამოსვლას და ნამდვილი არჩევნების დანიშვნას“,- წერს სააკაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოში ყველა დონის არჩევნები უნდა ჩატარდეს ელექტრონულად მთელს მსოფლიოში გაბნეულ ქართველთა შორის და არჩევნების ადმინისტრირება უნდა მოხდეს ევროკავშირის მიერ.

"საქართველოში შემოსაღებია ჭეშმარიტი თვითმმართველობა, სადაც არცერთი თეთრი არ დაიხარჯება თითოეული მოქალაქის მიერ კონტროლის გარეშე. პირველი ინსტანციის მოსამართლეები და ადგილობრივი პოლიციის უფროსები უნდა აირჩეს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ და მათ წინაშე უნდა იყვნენ ანგარიშვალდებულები. მაშინ ისინი საკუთარ ხალხზე ხელს ვეღარ აღმართავენ.

ყველა დონის არჩევნები უნდა ჩატარდეს ელექტრონულად მთელს მსოფლიოში გაბნეულ ქართველთა შორის და არჩევნების ადმინისტრირება უნდა მოხდეს ევროკავშირის მიერ.

აუცილებელია შირაქის აეროპორტი და საზღვაო ინფრასტრუქტურა, რომ მივაღწიოთ ამერიკულ და ნატო-ს ძალების რამდენიმე ათასიანი კონტიგენტის განთავსებას საქართველოში. საქართველოს დაცვის სურვილი დასავლეთს გაუჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ თვითონ ვაჩვენებთ, რომ ვიბრძვით დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის.

დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოდან, აღარავის მოუნდება წასვლა, ვინაიდან განუზომლად გაიზრდება მოქალაქეთა შემოსავალი, მოხდება ეროვნული სიმდიდრის სამართლიანი გადანაწილება და შეიქმნება ჩვენი შვილების, ახალი თაობების კომფორტულად და უზრუნველად გაზრდის გარემო.

მე ჩამოვედი საქართველოში იმიტომ, რომ ის გადამერჩინა და მე მჯერა, ჩემი ქვეყნის ძალიან წარმატებული მომავლის, მაგრამ ეს მომავალი მიიღწევა მხოლოდ ბრძოლით და მე თქვენთან ვრჩები სრულ გამარჯვებამდე!“,- წერს სააკაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში