ქობულეთში შიდა სასოფლო გზები ჩაკეტილია - მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება 

23 დეკემბერი 2021, 12:57 2890 ნახვა

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქობულეთში. მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვს. თოვლის საფარი 30-50 სანტიმეტრს აღემატება. 

სოფლებში ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია. მოსახლეობის ნაწილს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება. 

შუქი გაითიშა ლეღვაში, ქაქუთსა და წყავროკაში. უხვმა ნალექმა ელექტრო სადენები დააზიანა.  ''ენერგო პრო-ჯორჯიას'' ტექნიკური ჯგუფები მუშაობენ და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

''მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ცენტრამდე გზები არის გაწმენდილი. შიდა სასოფლო გზები დღის ბოლომდე ეტაპობრივად გაიწმინდება. ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, სხვადასხვა მიმართულებებზე იყო შეფერხებები, რომელიც უკვე აღდგენილია, თუმცა დაახლოებით 150 ოჯახია დარჩენილი სადაც, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა. მერიის ყველა სამსახური მობილიზებულია და ყველა შემოსულ შეტყობინებაზე ახდენენ დროულ რეაგირებას" - აცხადებს ქობულეთის მერი ლევან ზოიძე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს გზების გაწმენდა. 

''თოვლის საფარის სიმაღლის გამო, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მოძრაობა შეიზღუდა. გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია 7 ერთეული მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება'' - ამბობს აჭარის საგზაო დეპარტამენტის ქობულეთის განყოფილების უფროსი ერეკლე კახიძე.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში