აღნიშნული კანონპროექტი ამ ინსტიტუციას უთხრის ძირს - ოპოზიცია 

27 დეკემბერი 2021, 12:30 1054 ნახვა

ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა დღეს ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ''ქართული ოცნების'' მიერ ინიცირებული კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ძირს უთხრის. 

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მისი დაჩქარებული წესით მიღება დაუშვებელია. 

''პარლამენტში ინიცირებულია ''ქართული ოცნების'' შვიდი დეპუტატის კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი ამ ინსტიტუციას უთხრის ძირს.  წარმოადგენს უმრავლესობის მხრიდან ღია გზავნილს, რომ ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუციის წარმომადგენლები და ასევე საჯარო მოხელეები დაისჯებიან საკუთარი პროფესიული მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისთვის.

საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ახალი წლის წინა კვირაში არის შემოსული ინიციატივა და ის მომზადებულია ყველასაგან ფარულად. არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა ინსპექტორთან. ინიციატორები ითხოვენ ამ ძალიან სქელი პაკეტის განხილვას და მიღებას დაჩქარებული წესით. 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანონპროექტი არის რეფორმის საფარქვეშ დარტყმის განხორციელება სახელმწიფო ინსპექტორზე. ეს იქნება ჩვენი პოზიცია ბიუროს სხდომაზე. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში, რადგან ეს პროცესი უნდა შეჩერდეს '' - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში