ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

30 დეკემბერი 2021, 11:48 1227 ნახვა

აჭარაში მოქმედი ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც თუ  ბრალდებული სასამართლოს  ცრუ ჩვენებას მისცემს,  მას სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა დაეკისრება.   ამავე გადაწყვეტილებით მოსამართლეებს მიენიჭათ  უფლება კითხვები დაუსვან ბრალდებულს, მოწმეებსა და მხარეებს.   ადვოკატები ამ გადაწყვეტილებას  პოლიტიკურს უწოდებენ და ამბობენ, რომ ეს არის   ბრალდებულის დაშინების მცდელობა, სასამართლო პროცესზე საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე შეჯიბრობითობის პრინციპი დაირღვევა, ასევე მიაჩნიათ, რომ  მოსამართლეს ექნება შესაძლებლობა კითხვა ბრალდების მხარის სასარგებლოდ დასვას. საკონტიტუციო სასამართლომ   განმარტა, რომ  ცრუ ჩვენებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ბრალდებულის ჩვენების სანდოობის უზრუნველყოფის უმთავრესი მექანიზმია.  რაც შეეხება  მოსამართლეების მხრიდან კითხვის დასმის უფლებას, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია,  რომ მოსამართლე აღჭურვილი იქნება სათანადო პროცედურული მექანიზმებით,  რითაც მას   შესაძლებლობა ექნება  საქმეზე ობიექტური, სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღოს.  ამის გარდა, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საჭიროა  მოსამართლეს გააჩნდეს შესაძლებლობა სხდომაზე ყოველმხრივ და სრულყფილად გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელივანი ყველა გარემოება,  რომელიც შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისა და  საქმეზე ჯეროვანი  მართლმსაჯუულების  განხორციელებაში დაეხმარება. პლენუმმა  გადაწყვეტილება 28 დეკემბერს გამოაცხადა. საკონსტიტუციო სარჩელის ავტორი თეთრყაროს რაიონული სასამართლო იყო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში