პირად ექიმს არ ეძლევა მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება, დაუყოვნებლივ ვითხოვთ სპეციალისტების დაშვებას - ადვოკატი

31 დეკემბერი 2021, 14:38 1158 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი კვლავაც ვერ იღებს საკვებს და მისი წონა ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე იყო შიმშილობის დასრულების დროს - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არავის უნდა შეექმნას ილუზია, რომ წარმოიდგინოს სააკაშვილი დაძაბუნებულ, ფარხმალდაყრილ ადამიანად.

მისივე თქმით, სააკაშვილის პირად ექიმს არ ეძლევა მასთან შესვლის უფლება. იგი ციხეში ექიმთა კონსილიუმის შესვლას მოითხოვს.

„უქმე დღეებში ადვოკატები ვერ მოვინახულებთ. მიხეილ სააკაშვილი კვლავაც ვერ იღებს საკვებს და მისი წონა ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე იყო შიმშილობის დასრულების დროს. ყურადღება გასამახვილებელია იმაზე, რომ მასთან პირად ექიმს არ ეძლევა შესვლის უფლება და ეს ცალკე გართულებებთან არის კავშირში, რადგან ახლა ის იმყოფება დაწესებულებაში, სადაც კონსილიუმის დასკვნით გამოუწერეს პრეპარატი, რომელიც არ სჭირდებოდა და მას ზიანს აყენებდა. ამ პირობებში, სრულფასოვანი მკურნალობა ან პენიტენციური სამსახურის ნდობა არის ნულის ტოლი, რის გამოც დაუყოვნებლივ ვითხოვთ სპეიალისტების დაშვებას, ისეთი ექიმების, რომელთაც გააჩნიათ ორივე მხარის ნდობა. ასეთები არიან კონსილიუმებში, რომელიც თავად სახელმწიფომ შექმნა, სახალხო დაცველის კონსილიუმის ჯგუფშიც და ასეთი კონსილიუმის მობილიზებისთვის მზად ვართ“, - აღნიშნა ადვოკატმა.

შოთა თუთბერიძის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს შეზღუდული აქვს კომუნიკაცია და ადვოკატებს არ ეძლევათ შესაძლებლობა წერილები გაცვალონ, რაც, მსჯავრდებულის უფლების შეზღუდვას წარმოადგენს.

"ჩვენ მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია კვლავაც შეზღუდული გვაქვს, ვერ ვახერხებთ მისთვის წერილების გადაცემას და მისგან წერილობით პასუხის მიღებას ვერ ვახერხებთ. ამას აქვს ერთადერთი მიზანი და მიზეზი, რომ ხელისუფლებას ეშინია ჩვენთან და ქართველ საზოგადოებასთან კომუნიკაციის. ამიტომ, ცდილობენ, რომ რისი თქმაც გვინდა და რა ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლაც გვსურს პრეზიდენტთან, უნდა ვთქვათ ხმამაღლა და გამოთქმით იმისთვის, რომ სუს-ის რომელიმე ბიუროკრატმა, რომელიც ზის თავის კაბინეტში და ისმენს რა ხდება მიხეილ სააკაშვილის შეხვედრების ოთახში, მოისმინოს თუ რაზე ვსაუბრობთ ჩვენ. არ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით, რადგან ციხის ადმინისტრაცია ხელს იშვერს ხელმძღვანელობისკენ და არ ასახელებს არავის სახელს და გვარს. მოვუწოდებ იუსტიციის მინისტრს, რომელიც თავს აქიცინებს ხოლმე ბრიფინგებზე და ინსტიტუციურ თავმოყვარეობაზე საუბრობს, დროზე აღმოფხვრას ეს უსინდისობა, ეს იაფფასიანი ხრიკი, რადგან ამას შედეგი უბრალოდ არ ექნება და სისტემა სახეს კარგავს"-განაცხადა თუთბერიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში