"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია იქნება - სტრუქტურული ცვლილებები პარტიაში

10 იანვარი 2022, 18:02 1091 ნახვა

"ნაციონალურ მოძრაობაში“ სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. 

"ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის გადაწყვეტილებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია იქნება, მისი მოადგილის პოზიციას კი აკაკი მინაშვილი დაიკავებს. აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიაში ცოტა ხნის წინ მიიღეს.

ნიკა მელიამ პარტიის თავმჯდომარეობის გარდა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეც იქნება. 

"ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტზე კი პეტრე ცისკარიშვილი დაინიშნა.

ნიკა მელიას განცხადებით, თბილისსა და რეგიონებში განახლების და რეფორმების აქტიური პროცესი გაგრძელდება.

"ცვლილებების აუცილებლობა განპირობებულია იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დგას „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველაზე მთავარი, ვდგავართ თითოეული ჩვენგანი, ვგულისხმობ ქვეყანას. გარდაუვალ აუცილებლობად ვთვლი, რომ პარტიამ მნიშვნელოვნად შეცვალოს, როგორც თავისი დღის წესრიგი, ასევე შიგთავსიც კი და ბევრად გასაგები სამართლებრივი, იურიდიული ფორმა ვიყოთ ორგანიზაციული თვალსაზრისით საზოგადოებისთვის.

ცვლილებების აუცილებლობა არ არის განპირობებული მხოლოდ იმიტომ, რომ ის, ვინც აქტიური იყო დღემდე პარტიაში, ვერ ართმევდა თავს და სხვა გაართმევს. არა, არავითარ შემთხვევაში. ჩვენ კარი უნდა გავუღოთ საქართველოს ყველა გამოცდილ მოქალაქეს, მათ უნდა დაინახონ ჩვენში იმედი და პერსპექტივა, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ არ იბრძვის ერთის მეორეთი ჩასანაცვლებლად. ჩვენი ვალდებულებაა, თითოეული თქვენგანი დავარწმუნოთ, რომ არაფერი გვამოძრავებს გარდა ნათელი მომავლისა. პროცესი გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, იქნება ცვლილებები პარტიის შიგნით, გაგრძელდება განახლების აქტიური პროცესი", - განაცხადა ნიკა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში