დიდთოვლობა მაღალმთიან აჭარაში

20 იანვარი 2022, 18:20 1315 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში ისევ თოვს. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა. ხულოში  დიდთოვლობისგან გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრა დილიდან დაიწყო. მერიის ინფორმაციით, იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები. იმის გამო, რომ გადაუღებლად  თოვს და ცუდი ხილვადობაა, სამუშაოები დროში გაწელილია. ჰაერის დაბალი ტემპერატურის გამო გზებზე ლიპყინულია, რის გამოც  რეკომენდებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენება.  

თოვლის საფარმა 2 მეტრს გადააჭარბა შუახევშიც. მუნიციპალიტეტში მოქმედ ცხელ ხაზზე ძირითადად საავადმყოფოებში გადაადგილების პრობლემის გამო რეკავენ. შუახევის მერის მოადგილის ინფორმაციით, მოქალაქეებს  შესაბამის დახმარებას უწევენ. თემებთან დამაკავშირებელ გზებზე, მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა  შესაძლებელი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის 15 ერთეული ტექნიკა მუშაობს შუახევშიც.  მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის შეუზღუდავად მიეწოდება ელექტრო ენერგია.

ქედაში თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში კიდევ  ნახევარი მეტრით მოიმატა. დიდთოვლობის გამო, გაწმენდილი გზები დღეს ისევ გასაწმენდია. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გადაადგილება თემებთან დამაკავშირებელ გზებზე აქაც მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა შესაძლებელი.  მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.  გადაუღებელი თოვის გამო შეზღუდულია ხილვადობა. ქედის საგანგებო შტაბში დღის განმავლობაში შეტყობინება არ შესულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში