ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს მჭიდრო კონტაქტი საქართველოსა და მოლდოვასთან - ჟოზეფ ბორელი

25 იანვარი 2022, 09:58 1009 ნახვა

ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს მჭიდრო კონტაქტი საქართველოსა და მოლდოვასთან, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი ევროპული უსაფრთხოება და უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალის მობილიზება იყო, რომელიც ძირს უთხრის ევროპულ უსაფრთხოებას.

„ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მჭიდრო კონტაქტი ჩვენს სხვა პარტნიორებთან, კერძოდ, საქართველოსა და მოლდოვასთან და გავაგრძელოთ გზავნილის გადაცემა, რომ შიდა მდგრადობის გაძლიერება ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების საფუძველზე მნიშვნელოვანია გარე საფრთხეებთან გამკლავების მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ამისთვის ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინას, გააგრძელოს მიმდინარე რეფორმებზე მუშაობა.

ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა არის ის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ძლიერი ერთიანობა და ჩვენი ერთიანი მიდგომა ევროპის უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევებისადმი. ჩვენი ერთიანობა ჩვენი სიძლიერეა და საბჭოში ამასთან დაკავშირებით ეჭვი არ არსებობს“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში