უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა

26 იანვარი 2022, 17:31 1095 ნახვა

უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა.

"ქართული ოცნება" უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას დააინიცირებს საკუთარი ინიციატივით.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, სამწუხაროდ რიგ საკითხებზე მხარეთა პოზიციების შეჯერება ვერ მოხდა, რის გამოც აღნიშნული ტექსტით რეზოლუციას მათი ფრაქცია დააინიცირებს. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის
გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის, არამხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობას და უსაფრთხოებას.

 

აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო პოლიტიკური არგუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია.

 

მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არ დაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შესაძლოა მიადგეს. ყოველი ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებით და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არ დაშვებაში“, - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, რეზოლუციის ყველა ფრაზა გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან და დაცვლილია ყოველნაირი პოპულისტური განცხადებებიდან.

ხათუნა სამნიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ დილით წარმოდგენილი რეზოლუციის ტექსტი შეცვალა, „რესპუბლიკური პარტია“ არ იქნება მისი თანაავტორი.

მისივე თქმით, ტექსტში რუსეთის როლი არ არის ხაზგასმული, რაც იყო ოპოზიციის მოთხოვნა.

„დილით რა ტექსტიც დაგვახვედრა „ქართულმა ოცნებამ“, იქ გათვალისწინებული იყო ოპოზიციის მოთხოვნები და ვთქვი, რომ თუ რაიმე რადიკალურად არ შეიცვალა, შეთანხმებას შევძლებდით. როგორც ჩანს, სწორედ რადიკალურად შეიცვალა, როგორც  „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებებით ვერ მიდის და ვერ დგამს ნაბიჯებს. როგორც ჩანს, მიიღეს მითითება და ის ტექსტიც კი, რაც დილით იყო წარმოდგენილი, შეიცვალა, ამ რეზოლუციის თანაავტორი "რესპუბლიკური პარტია" არ იქნება, როგორ მოიქცევა ზოგადად ოპოზიცია, ამაზე შევჯერდებით, დავილაპარაკებთ, გვექნება საკუთარი წინადადებები"- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხათუნა დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციამ უკრაინის მხარდამჭერი ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს.

"სამწუხაროდ, ეს შენიშვნები გათვალისწინებული არ იყო და ამიტომ ჩვენ ამ რეზოლუციის თანაინიციატორები ვერ ვიქნებით. გავაგრძელებთ მსჯელობას და არაა გამორიცხული, რომ ოპოზიციამ ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში