ადრე ვეხვეწებოდით პარლამენტში შემოსვლას, ახლა ისინი გვეხვეწებიან, რომ არ გავუშვათ - ირაკლი კობახიძე

15 თებერვალი 2022, 18:59 1102 ნახვა

ადრე ვეხვეწებოდით პარლამენტში შემოსვლას, ახლა ისინი გვეხვეწებიან, რომ არ გავუშვათ პარლამენტიდან , -  ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

"ის ყველაფერი, რაც გვესმის ოპოზიციის მხრიდან, ადასტურებს იმას, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია ჩავარდნილი. ნახევარ წელიწადზე მეტი მათ გაატარებინეს არა მარტო უმრავლესობას, არამედ ქართულ საზოგადოებას იმაზე საუბარში, თუ რატომ არ უნდა შემოსულიყო ოპოზიცია პარლამენტში. ისინი ნახევარი წლის განმავლობაში არ შემოდიოდნენ პარლამენტში და იყო მთელი დისკუსია ამასთან დაკავშირებით. ახლა შემოტრიალებულია ეს ყველაფერი და უკვე საუბრობენ იმაზე, თუ რატომ არ უნდა შეუწყდეთ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება. ანუ, ადრე ვეხვეწებოდით მათ ასე ვთქვათ პარლამენტში შემოსვლას, ახლა ისინი გვეხვეწებიან, რომ არ გავუშვათ პარლამენტიდან.

სინამდვილეში ხდება ის, რომ პარლამენტის მხრიდან  მანდატის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება კონკრეტული საფუძვლით. როდესაც ისინი აპროტესტებენ ამ გადაწყვეტილებას, უნდა გაიხსენონ, თუ ვინ აცდენდა სხდომებს, ვინ ჩადიოდა დანაშაულს, ვინ ახორციელებდა საბოტაჟს და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის თავად ოპოზიცია, მათ თავად შექმნეს საფუძველი იმისთვის, რომ შეწყვეტოდათ მანდატები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელი გადაწყვეტილება, სამი ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართ, ქვეყნის დამშვიდებას ემსახურება.

"გახსოვთ, რამდენად რთული და ცხელი იყო ვითარება ერთი წლის წინ. და ამ ცხელი ვითარების შემოქმედთა შორის განსაკუთრებით აქტიურობდნენ ის პირები, რომლებსაც დღეს შევუწყვიტეთ ჩვენ უფლებამოსილება. ესენი არიან ელენე ხოშტარია, შალვა ნათელაშვილი და ბადრი ჯაფარიძე. ჩვენ მათ წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით, ამას ხაზგასმით ვამბობ, მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მათი მიზანი იყო ქვეყნის არევა, ჩვენი მიზანი იყო ქვეყნის დამშვიდება და გვიწევდა მათთან დაპირისპირება იმისთვის, რომ ქვეყანას შეენარჩუნებინა სიმშვიდე. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებაც ამ კონკრეტული სამი დეპუტატის მიმართ რა თქმა უნდა, ასევე ემსახურება ქვეყნის დამშვიდებას. მიზანი არის ერთადერთი – ქვეყნის დამშვიდება და გაგრძელება იმისა, რაც დავიწყეთ ჩვენ გასულ წელს, როდესაც ვუპირისპირდებოდით დაპირისპირებასა და არეულობაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალებს.

როდესაც ოპოზიცია ითხოვს მათ მიერვე ჩახსნილი სიების აღდგენას, რბილად რომ ვთქვათ, ეს არის პოლიტიკურად არასერიოზული და კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ პოლიტიკურ უსუსურობაზე. თვითონ ჩახსნეს სიები და ახლა თვითონ გვეხვეწებიან, აღვადგინოთ მათ მიერვე ჩახსნილი სიები. თქვენ ხედავთ, რა მძიმე მდგომარეობაშია ახლა რადიკალური ოპოზიცია“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კახა კუჭავას, ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში