ხმაური და დაპირისპირება პარლამენტის სხდომაზე

01 მარტი 2022, 15:01 1328 ნახვა

ხმაური იყო საქართველოს პარლამენტში, სადაც დღეს დეპუტატები საგენგებოდ შეიკრიბნენ.

სიტყვიერი დაპირისპირება პლენარულ სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი განცხადებებისას გაჟღერებულ ურთიერთბრალდებებს, კონკრეტულად კი ქართული ოცნების დეპუტატის  მიხელ ყაველაშვილის გინებას მოჰყვა, იმასთან დაკავშირებით თუ რომელი პოლიტიკური მხარე აკეთებს დღეს  საქართველოში რუსულ საქმეს. მან ნაციონალური მოძრაობა პროვოკაციაში დადანაშაულა და მავნებლური ძალად  მოიხსენია.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა კი მმართველი პარტიის წევრის საქციელს სამარცხვინო უწოდა და პარლამენტის თავმჯდომარეს მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა მოსთხოვა.  იგივე პოზიცია ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელსაც. თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქმე ეხება პარლამენტისა და ქვეყნის ღირსებას. 

ოპოზიცია დღეს ქართული ოცნებისგან  საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ უკრაინის ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებისგან გამიჯვნას სთხოვდა. მათი შეფასებით,  ირაკლი ღარიბაშვილის  კომენტარები სანქციების უმოქმედობაზე და ასევე  იმაზე, რომ  საქართველო მას არ უერთდება, სახელმწიფოებრივ ინტერესებს ვნებს.

მმართველი პარტიის ოპონენტები მოითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლება იყოს მყარი უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და  იმოქმედოს ადეკვატურად ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად. 

პარლამენტის პლენარული სხდომა უკრაინის დროშების ფონზე უკრაინის ჰიმნითა და ომში დაღუპული გმირების პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში