საქართველო ყველაფერს აკეთებს უკრაინისთვის როგორც საერთაშორისო არენაზე, ისე დიპლომატიური და ჰუმანიტარული კუთხით - თორნიკე რიჟვაძე

07 მარტი 2022, 15:56 1401 ნახვა

„მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და უკრაინელ ხალხს ვუსურვო ამ ომის და ამ ტრაგედიის ძალიან მალე დასრულება, ვუსურვო მათ მშვიდობა“ - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს უკრაინისთვის როგორც საერთაშორისო არენაზე, ისე დიპლომატიური და ჰუმანიტარული კუთხით.

„რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების გაცხადებულ პოლიტიკას, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, მათ შორის საერთაშორისო არენაზეც, რომ სრული პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას ამ რთულ პერიოდში. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან გაწეულ შესაბამის ღონისძიებებს, ჩვენ რაც შეგვიძლია ეს არის, ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც კეთდება როგორც ცენტრალურ დონეზე, ასევე იცით რომ აჭარიდანაც გაიგზავნება შესაბამისი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი მოსახლეობის სახელით. რაც შეეხება სხვა მიმდინარე საკითხებს ბატონმა პრემიერ მინისტრმა ძალიან ნათლად, მკაფიოდ ახსნა ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და დარწმუნებული ვარ დღესაც და მომავალშიც კიდევ უფრო მეტად დააფასებს ჩვენი ქვეყნის თითოეული პატრიოტი მოქალაქე მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენი მთავარი ამოცანა და პასუხისმგებლობა არის რამდენად მშვიდად და უსაფრთხოდ გავიყვანთ ჩვენ ქვეყანას ამ საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ და მათ შორის რეგიონული პრობლემიდან და რამდენად ნაკლები იქნება დაზიანება. ჩვენი პირველი ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესები“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში