რუსეთ-უკრაინის ომის დროს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქციები ანტისახელმწიფოებრივია - პრემიერი 

21 მარტი 2022, 14:44 1097 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დროს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქციები ანტისახელმწიფოებრივია.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აქციები იმ ძალის მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც წლებია ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ატარებენ. 

„მთელს მსოფლიოში, არცერთ ქვეყანაში, ისეთ ვითარებაში, როგორიც ახლაა უკრაინაში, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, არ გამართულა საპროტესტო აქციები და არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა.

მითუმეტეს ჩვენი სიტუაცია არის განსაკუთრებული და უნიკალური. ჩვენ ვართ ოკუპირებული, ქვეყნის ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული და რუსის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენ ვცხოვრობთ რუსულ ჯართან ერთად. ამ დროს, ამ ვითარებაში, როდესაც სიტუაცია არის ძალიან არაპროგნოზირებადი მთელი ევროპის მასშტაბით, აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი იყო ეს ანტისახელმწიფოებრივი აქციები, რომელიც იმართებოდა.

ჩემთვის პირადად მოქალაქისთვის მიუღებელია  აღნიშნული. იმ ძალების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც წლებია ატარებენ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ, მოღალატეობრივ პოლიტიკას. ეს არის  მეხუთე კოლონა, ეს არის შულავერის კომიტეტი, რომელიც საქართველოში მოქმედებს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ჩვენი მოსახლეობის ინტერესს დავიცავთ ბოლომდე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ქართველმა სამხედროებმა აგვისტოს ომში უპრეცედენტო გმირობა გამოიჩინეს, ასევე უპრეცედენტო ლაჩრობა გამოიჩინა სააკაშვილმა, რომელმაც სიმხდალის, ლაჩრობის ყველა რეკორდი მოხსნა.

მისივე განცხადებით, ადამიანი, რომელმაც ასეთი სიმხდალე ჩაიდინა, არ უნდა ასწავლიდეს ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარი ქვეყნის სიყვარულს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში