ანრი ოხანაშვილის განცხადება

22 მარტი 2022, 14:58 892 ნახვა

ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი შექმნის ახალ მნიშვნელოვან გარანტიას საქართველოში ხელისუფლების დანაწილების სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, გასულ სამშაბათს მმართველმა გუნდმა დააინიცირა კანონპროექტი, რომლითაც ზუსტდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები.

„კანონპროექტი, გერმანული მოდელის შესაბამისად, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოქმედ კანონს, აზუსტებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს და ამით უზრუნველყოფს მოქმედი კანონის კონსტიტუციასთან შეუსაბამობის აღმოფხვრას.

მიუხედავად ამისა, არ წყდება ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის სპეკულაციური განცხადებები კანონპროექტთან დაკავშირებით. კერძოდ, ისინი აცხადებენ, რომ, მართალია, კანონპროექტი სამართლებრივად გამართულია, მაგრამ ის ქმნის სამართლებრივ ინსტრუმენტს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ანგარიშსწორებისთვის.

გაუგებარია, როგორ შეიძლება ანგარიშსწორების ინსტრუმენტად განიხილო ცვლილება, რომელიც პრეზიდენტის მიმართ არავითარი სანქციის შეფარდების შესაძლებლობას არ იძლევა და მეტიც, მისი კონსტიტუციური უფლებამოსილებების სრულფასოვნად რეალიზებასაც უზრუნველყოფს.

ახალი ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს აძლევს მხოლოდ იმის შესაძლებლობას, რომ სამართლებრივად შეაფასოს, შეესაბამება თუ არა ამა თუ იმ კონსტიტუციური ორგანოს, მათ შორის პრეზიდენტის მოქმედება თუ უმოქმედობა საქართველოს კონსტიტუციას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში