მინდა ამაყად ვთქვა, რომ დღეს ჩვენი ჯარი არის ძლიერი და ნატო-სთან ურთიერთთავსებადი მეტად, ვიდრე ოდესმე - პრემიერი

24 მარტი 2022, 14:19 756 ნახვა

საქართველო დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოა, რომელსაც ჩვენს პარტნიორებთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან აკავშირებს ღირებულებითი ერთობა; ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ ჩვენი დემოკრატიული რეფორმებით და გლობალურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში განაცხადა, სადაც ნატო-საქართველოს სწავლების მიმდინარეობას გაეცნო. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მათივე თქმით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ნატო-საქართველოს სამეთაურო-საშტაბო სწავლების მნიშვნელობას თავდაცვის ძალების მზადყოფნის გაძლიერების, მართვის გაუმჯობესებისა და ალიანსთან თავსებადობის ამაღლების თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ ეს სწავლება ნატოს მხრიდან საქართველოს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დასტურია.

„ეს სწავლება ნატოს მხრიდან საქართველოს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დასტურია. ნატო-საქართველოს სწავლება 2022-ის ყველა საფეხური დაგეგმვიდან შეფასების პროცესამდე ჩვენი სამხედროების მიერ ხორციელდება ნატოს სტანდარდების მიხედვით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ჯარის და ამ შემთხვევაში მისი მართვის რგოლის მაღალკვალიფიციურობასა და პროფესიონალიზმს. ეს არის ჩვენი გრძელვადიანი და სისტემური თავდაცვის პოლიტიკის შედეგი, რომლის მიზანიცაა, გვყავდეს საუკეთესო მომზადების, თანამედროვე ძლიერი ჯარი, რომელიც ეფექტურად დაიცავს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და უსაფრთხოებას. მინდა, ამაყად ვთქვა, რომ დღეს ჩვენი ჯარი არის ძლიერი და ნატოსთან ურთიერთთავსებადი მეტად, ვიდრე ოდესმე. მინდა, ამ მრავალეროვნული სწავლების მონაწილეებს, ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს, ყველას გადაგიხადოთ განსაკუთრებული მადლობა სწავლებაში მონაწილეობისათვის" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციისა და თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის.

სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ დევიდ კეტლერმა და ნატოს სახმელეთო სარდლობის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლა ძანელიმ.

ღონისძიების სტუმრებმა ასევე მოისმინეს ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგისა და სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, ადმირალ რობ ბაუერის ვიდეომიმართვები.

ღონისძიების დაწყებამდე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედროების ხსოვნას.

ნატო-საქართველოს სწავლება 2022 არის სამეთაურო საშტაბო სწავლება, რომელიც კომპიუტერულ სწავლებას გულისხმობს და საველე არ არის. წვრთნების განმავლობაში მონაწილეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ოპერაციების დაგეგმვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს ავითარებენ და ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ. საშტაბო სწავლების დაგეგმვა 2020 წლიდან მიმდინარეობს. ეს არის ნატო-საქართველოს სწავლებების ციკლში რიგით მესამე სწავლება, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში