საქართველოს საგარეო უწყება გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის - „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგების“ შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

25 მარტი 2022, 10:20 776 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწინააღმდეგო რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელიც გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სესიის ფარგლებში მიიღო.

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რეზოლუცია სახელწოდებით „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები“ წარდგენილ იყო უკრაინისა და ქვეყნების ჯგუფის, მათ შორის საქართველოს თანასპონსორობით.

„რეზოლუციის მთავარი მიზანია უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის შედეგად, ქვეყანაში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე რეაგირება. რეზოლუცია მოითხოვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას. რეზოლუცია მოითხოვს სამოქალაქო მოსახლეობის, სამედიცინო და ჰუმანიტარული პერსონალის დაცვის უზრუნველყოფას. გმობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა დარღვევებს და მოუწოდებს მხარეებს უზრუნველყონ მოსახლეობისთვის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების საშუალება.

რეზოლუცია ასევე მოითხოვს, რომ მხარეებმა შეასრულონ ვალდებულება, რომ უზრუნველყონ ჰუმანიტარული პერსონალის, ასევე მათი სატრანსპორტო საშუალებების, მარაგისა და აღჭურვილობის უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში ამგვარი საჭიროების ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის.

რეზოლუცია მოუწოდებს გაერო-ს გენერალურ მდივანს, წევრ ქვეყნებს, გაერო-ს სისტემის ორგანოებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, მიაწოდონ ჰუმანიტარული დახმარება, ასევე უზრუნველყონ ლტოლვილთა დახმარება და დაცვა. რეზოლუცია აქვე მიესალმება გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ უკრაინისთვის გაერო-ს კრიზისის კოორდინატორის დანიშვნას.

რეზოლუცია ეხმიანება გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდებას რუსეთისადმი, შეწყვიტოს სამხედრო თავდასხმა და მოლაპარაკებების გზას დაუბრუნდეს. ასევე მიმართავს გაერო-ს გენერალურ მდივანს, გენერალურ ასამბლეას მიაწოდოს ინფორმაცია შემდგომში აღნიშნული რეზოლუციის შესრულების თაობაზე.

ამასთან, ხაზგასმულია უკრაინის მეზობელი ქვეყნების მხრიდან გაწეული მცდელობები უკრაინიდან დევნილი მოსახლეობის მიღებისა და მათ საჭიროებებზე რეაგირების კუთხით.

რეზოლუციაში ხაზგასმულია მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში