მილიონ 347 ათასით გაზარდა ბიუჯეტი ხელვაჩაურის მერიამ. ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებებს საკრებულომ მხარი უკვე დაუჭირა.
მერის ზაზა დიასამიძის თქმით, თანხის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურას, ავარიულ ბინებში მცხოვრებ ოჯახებსა და ეკომიგრანტებს მოხმარდება. გაზრდილ ბიუჯეტში, რომელიც თითქმის 30 მილიონია, ფინანსები განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროსთვისაც გაითვალისწინეს.
თანხების მიზნობრიობაზე ხელვაჩაურის მერმა დღეს საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა, და ასევე წარადგინა გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიც. სხდომას არ დასწრებია ოპოზციის ნაწილი.
ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად სხდომის დაწყებამდე დატოვეს. ისინი საბიუჯეტო ცვლილებებს მხარს არ უჭერდნენ და ასევე არ ეთანხმებიან საკრებულოს - გაერთიანებული კომისიების სხდომებს, რაც მათი თქმით, ბოლო პერიოდში პრაქტიკად იქცა.
ოპოზციის ნაწილს კი, რომელიც დღეს სხდომას ესწრებოდა კითხვები ჰქონდა აიპი სასაფლაოებში ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობაზე.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, სამუშაო გეგმის შექმნაზე მუშაობენ და მასში მონაწილეობას ოპოზიციასაც ურჩევენ.