საწვავთან მიმართებით, ფასების კლებას ველოდებით - ეკონომიკის მინისტრი

28 მარტი 2022, 12:53 1173 ნახვა

საწვავთან მიმართებით, ფასების კლებას ველოდებით - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. 

ლევან დავითაშვილის თქმით, მოთხოვნა, რომელიც გადასახადების გაუქმებას ეხებოდა, არ არის შესაბამისი და არაა ადეკვატური ზომა.

„ჩვენ დავაკვირდებით სიტუაციას. ასეთ საკითხებს ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ, რათა ფისკალური დისციპლინა, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა, არ დაირღვეს და ამას არ ჰქონდეს ძალიან ნეგატიური, გრძელვადიანი, პრეცედენტული სახე. ზოგადად, ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე არ იმოქმედოს. თუმცა, გვესმის რა ამ საკითხის მგრძნობიარობა, რა თქმა უნდა, ეკონომიკური გუნდი მუშაობს და აქ შეიძლება, უფრო უპრიანი იყოს სხვა ტიპის გადაწყვეტილებები.

საწვავთან დაკავშირებით, იმასაც მოგახსენებთ, რომ, რეალურად დღეს ჩვენს საცალო ქსელში იყიდება საწვავი, რომელიც ფასების პიკშია შეძენილი. ჩვენ უშუალო ურთიერთობა გვაქვს იმპორტიორებთან და გვაქვს მოლოდინები, რომ უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი საწვავი შეიძლება ბაზარზე გამოჩნდეს. გარკვეულწილად, პიკური ფასები გადაივლის და უფრო ნაკლები ჰქონდეს დროის გარკვეულ მონაკვეთში. ამიტომ, საწვავთან მიმართებით, ფასების კლებას ველოდებით, პირდაპირ მინდა გითხრათ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საწვავის ფასი დამოკიდებულია საერთაშორისო ბირჟებზე ვაჭრობიდან გამომდინარე არსებულ ფასზე.

ლაშა ხუციშვილის თქმით, დღეს გვაქვს სიტუაცია, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში საწვავის ფასი დაახლოებით 15-20%-ით არის გაზრდილი.

"საქართველო არ არის ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა და შესაბამისად სრულად დამოკიდებულია იმპორტზე.

მეორე საკითხია ის, თუ რა შეიძლება იყოს გრძელვადიანი პასუხი საგადასახადო თუ სხვა პოლიტიკის მიმართულებით საწვავის ფასებთან მიმართებით და ამ სიტუაციაში საკმაოდ რთული მდგომარეობაა, იქიდან გამომდინარე, რომ თუ ჩვენ გადავხედავთ ბოლო ორი კვირის მონაცემებს, დაახლოებით 15-20 დოლარის ფარგლებში მერყეობს ყოველდღიურად ვაჭრობის შედეგები რაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გრძელვადიანი სტრატეგია იყოს ჩამოყალიბებული. მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული სტაბილურობა შენარჩუნდეს საერთაშორისო ბირჟებზე.

მინდა მოსახლეობას განვუმარტო, თუ რა შინაარსის მოთხოვნებია, რაც დღეს არის დაყენებული საწვავის ფასებთან დაკავშირებით, კონკრეტულად აქციზის და დღგ-სთან მიმართებაში. ეს ჯამურად ქვეყნის შემოსავლებში შეადგენს 1.3 მილიარდ ლარს - ესაა ჩვენი საგადასახადო შემოსავლების დაახლოებით 8-დან 9%-მდე. ბუნებრივია, ამხელა ტიპის შემოსავალზე, საგადასახადო შემოსავლების დაკლებაზე, როდესაც მიმდინარე წელი დაგეგმილია და დაგეგმილია იმ სოციალური ვალდებულებებით რაც ქვეყანას აქვს აღებული ჩვენი მოსახლეობის წინაშე, შეუძლებელია ამაზე ამ ეტაპზე იყოს საუბარი“, - განაცხადა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში