უკრაინის მოთხოვნაა ნატოს მე-5 პუნქტის ანალოგიური უსაფრთხოების მკაფიო გარანტიის შექმნა - უკრაინის დელეგაცია

29 მარტი 2022, 16:40 1169 ნახვა

შეთანხმებასთან მიმართებით საკვანძო მოთხოვნა უკრაინისთვის ნატოს მეხუთე პუნქტის ანალოგიური უსაფრთხოების მკაფიო გარანტიის შექმნაა. ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის წევრმა  ალექსანდრ ჩალიმ განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმება უკრაინის უსაფრთხოებაზე შესაძლო დიპლომატიური ფორმატია ომის დასასრულებლად.

„ასეთი გარანტიებით, რომელიც ნატოს მეხუთე პუნქტის ანალოგიური იქნება, ჩვენ არ განვათავსებთ ჩვენს ტერიტორიაზე უცხოურ სამხედრო ბაზებს და არ შევალთ სამხედრო-პოლიტიკურ კავშირებში. მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არაფერი არ ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის შესვლას ევროკავშირში“,- განაცხადა ჩალიმ.

გარდა ამისა, უკრაინა გამოდის ინიციატივით, სამშვიდო შეთანხმებაში ჩაიწეროს ცალკე პუნქტი, რომ ყირიმისა და სევასტოპოლის საკითხი უნდა გადაწყდეს მომდევნო 15 წლის განმავლობაში, ორმხრივი მოლაპარაკებების გზით. 

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც ამ საკითხზე ეროვნული რეფერენდუმი ჩატარდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, თუ როგორ განხორციელდება ეს. ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ სახელმწიფო დაუკავშირდეს საზოგადოებას და მიიღოს დადებითი შედეგები იმისგან, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, რადგან ეს არის სრულიად განსხვავებული უსაფრთხოების კონტური, რომელსაც უკრაინა მიიღებს“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში