ქუთაისში საკრებულოს სხდომაზე ''ქართული ოცნებისა'' და ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ 

30 მარტი 2022, 16:03 1024 ნახვა

სიტყვიერი დაპირისპირება იყო ქუთაისში საკრებულოს სხდომაზე. ხმაური ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის რუსეთ-უკრაინის ომის შეფასების საკითხს მოყვა. „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობას“ 2008 წლის აგვისტო გაახსენა და მათ ბრალი არაპატრიოტულ და პროვოკაციულ ქცევაში დასდო.

მარეხი ნიჟარაძის თქმით, ოპოზიცია ახლა მაინც უნდა მიხვდეს, რომ მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს უდანაშაულო ხალხი დახოცა.

"მთელმა მსოფლიომ ნახა კადრები, რომ შოკოლადწასმულივით ღეჭავდა ჰალსტუხს", - განაცხადა, მარეხი ნიჟარაძემ, ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა.

მმართველი პარტიის შეფასებებს ოპოზიციამ სამარცხვინო უწოდა და „ქართული ოცნება“ რუსული ნარატივის გავრცელებაში დაადანაშაულა.

''მეგონა "ალტ ინფოს" ვუსმენდი. ეს არის შეურაცხმყოფელი და ხაზი გადაუსვა იმას, რომ სხდომის წინ პატივი მივაგეთ უკრაინაში დაღუპულებს", - თქვა გიგა შუშანიამ, ფრაქცია ''ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა. რის შემდეგ ოპოზიციამ სხდომათა დარბაზში უკრაინის ჰიმნი ჩართო.

"ქართული ოცნების" დეპუტატების უმრავლესობა ფეხზე არ ადგა, რის გამოც ოპოზიციის მორიგი კრიტიკა დაიმსახურეს და კამათი ისევ გაგრძელდა.

ქუთაისის საკრებულოს სხდომა უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრებისადმი პატივის მოგებით დაიწყო. საკრებულოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ადამიანებს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპნენ. ამ დროისთვის სხდომაზე სიმშვიდეა და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში