მთავრობამ საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის განსაზღვრული ვადა შეამცირა

04 აპრილი 2022, 12:26 1015 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე, განაცხადა, რომ საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის განსაზღვრული ვადა მცირდება.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ერთი მხრივ, მთავრობა საკუთარ პროექტებს ვადაზე ადრე განახორციელებს და, რა თქმა უნდა, მეორე მხრივ, ამით ბიზნესიც ისარგებლებს.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით. სამშენებლო სექტორს შევთავაზეთ, მოიზიდონ დამატებითი ფინანსური რესურსი გარანტირებული დაკვეთის მისაღებად, საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით. ბატონი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, არაერთი შეხვედრა გაიმართა. ყველა სამინისტრომ უკვე გამოგზავნა სია, იმ ობიექტების ნუსხა, რომელიც იქნება ასაშენებელი ან რეაბილიტაციის რეჟიმში იქნება გასარემონტებელი. საკმაოდ მასშტაბური მოცულობა მივიღეთ - წელს, დაახლოებით, მინიმუმ, მილიარდ 500 მილიონიდან 2 მილიარდამდე გვექნება შესათავაზებელი კომპანიებისთვის. პროექტები წარმოადგინეს ისეთმა უწყებებმა, როგორებიცაა თავდაცვა, ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ეს სამუშაოები, რომლებიც უნდა განხორციელებულიყო რამდენიმე წლის განმავლობაში, გადმოვწიოთ ეს ვადა და წელსვე დავიწყოთ ამ პროექტების განხორციელება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი შეთავაზება ბიზნესისთვის. ერთი მხრივ, მთავრობა საკუთარ პროექტებს ვადაზე ადრე განახორციელებს და, რა თქმა უნდა, მეორე მხრივ, ამით ბიზნესიც ისარგებლებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში