უკრაინიდან შემოვიდა კონტრაბანდული პროდუქტი სააკაშვილის სახით ომის წინ, სამწუხაროდ, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა - კობახიძე

05 აპრილი 2022, 11:45 1000 ნახვა

უკრაინიდან შემოვიდა კონტრაბანდული პროდუქტი სააკაშვილის სახით ომის წინ. სამწუხაროდ, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა და როგორ გადმოკვეთა ამ კონტრაბანდულმა პროდუქტმა უკრაინის საზღვარი, ეს შეგიძლიათ მოიკითხოთ, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადება არის იმ ალოგიკური გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯების გაგრძელება, რაც ჩვენ უახლოეს წარსულში ვიხილეთ.

„ეს არის იმ ალოგიკური გადაწყვეტილებებისა და ნაბიჯების გაგრძელება, რაც ჩვენ უახლოეს წარსულში ვიხილეთ. მათ შორის იგივე ელჩის გაწვევის სახით. ამ ყველაფერს, სამწუხაროდ, აქვს ერთი მარტივი მიზეზი, რაც უკვე არა ერთხელ ვთქვი, რომ ადამიანები, რომლებიც აქ არიან, რადიკალურ ოპოზიციაში, იქ არიან ხელისუფლების ნაწილი, სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები. ასეთ ვითარებაში რა თქმა უნდა, ამგვარი ალოგიკური ნაბიჯები არის აბსოლუტურად ლოგიკური, ეს არის სამწუხარო რეალობა.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ ბრალდებას, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. ამასაც რბილად ვამბობ. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებებს შორის მეგობრობა არის ცალმხრივი, თუმცა ჩვენ მაინც მზად ვართ, რომ ეს ცალმხრივი მეგობრობა გავაგრძელოთ, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი უკრაინელი მეგობრების, სახელმწიფოს და ქვეყნის ინტერესების რეალიზებაში"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, დაამტკიცოს მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

„რაც შეეხება ბრალდების დამტკიცება-არ დამტკიცებას - ეს არის უკრაინის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. როდესაც რაღაცას გაბრალებენ, დამბრალებელმა თვითონ უნდა დაამტკიცოს, რამდენად არის მისი განცხადება სიმართლე. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების პოზიცია არის მარტივი - უკრაინის ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს ინფორმაციის წყარო და ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ყველაფერზე, თუმცა ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ვერც ვერავითარ წყაროს და მტკიცებულებას ვერ წარმოადგენენ. ამას აქვს მარტივი მიზეზი - ეს არის აბსურდი“, - განაცხადა კობახიძემ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში