პრეტენზიები ელისო ბოლქვაძის მიმართ და დეპუტატის პასუხი

07 აპრილი 2022, 17:46 1134 ნახვა

არ მესმის ეს ისტერიკული შეძახილები, რომ მომხსნიან „იუნესკოს" ელჩობიდან, ესეიგი ეს ზეწოლაა ჩემზე - ვინ მისცა მაგათ უფლება, - ასე პასუხობს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა ნაწილის კრიტიკას, რომლებიც კულტურის სამინისტროს ჩაკეტილობაზე, ავტორიტარიზმის ნიშნებსა და კულტურის სფეროში რეპრესიებზე საუბრობენ. ელისო ბოლქვაძის თქმით, არსებობს საკითხები, რასთან დაკავშირებითაც კომიტეტს შეუძლია მათ მოუსმინოს, თუმცა არის საკითხები, სადაც ვერ ჩაერევიან. მისივე თქმით, კომიტეტი ვერც მინისტრის  საკადრო  პოლიტიკაში ჩაერევა. ბოლქვაძე მათ მოუწოდებს პრობლემების თაობაზე დასაბუთებული წერილი მისწერონ. რაც შეეხება შეხვედრას, დეპუტატი ამბობს, რომ მას ბევრი საქმე აქვს. ცნობისათვის, „ლელოს" ინიციატივით დღეს, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, პარლამენტში კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და მათგან გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა სამინისტროს ჩაკეტილობაზე, ავტორიტარიზმის ნიშნებსა და კულტურის სფეროში რეპრესიებზე ისაუბრეს. ისინი მოითხოვენ, ელისო ბოლქვაძემ რეპრესიებზე თვალი არ დახუჭოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოითხოვენ, რომ მას UNESCO- ს მშვიდობის ელჩის სტატუსი ჩამოერთვას.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში