ყველას ვალია, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელოვნური დაბრკოლებები არ შეუქმნას - კობახიძე

11 აპრილი 2022, 19:39 797 ნახვა

ყველას ვალია, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელოვნური დაბრკოლებები არ შეუქმნას, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ქვეყანას აქვს ძალზე მკაფიო პერსპექტივა, დაჩქარებული წესით მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

"როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისგან მიიღო დაჩქარებული წესით შედგენილი კითხვარი. ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ძალზე მკაფიო პერსპექტივა, დაჩქარებული წესით მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მადლობას ვუხდით ევროკავშირს ამ ძალისხმევისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარების ფონზე ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უზრუნველყოფს კითხვარის სათანადოდ და შესაბამის ვადებში შევსებას და ევროკავშირისთვის წარდგენას. ყველას ვალია, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს და საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელოვნური დაბრკოლებები არ შეუქმნას“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უკრაინაში ვიზიტს განახორციელებენ. დელეგაციის შემადგენლობა კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში