მქონდა კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან და დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა - შალვა პაპუაშვილი

13 აპრილი 2022, 10:44 1005 ნახვა

მქონდა კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან და დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.

პაპუაშვილის თქმით, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან დღევანდელ სატელეფონო საუბარში ვიზიტის დეტალებს შეეხებიან.

„ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური და მეგობრული კომუნიკაცია მქონდა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან.

ნამდვილად სამაგალითოა ის გმირული შემართება, რომლითაც უკრაინელი ხალხი და მისი ხელისუფლება იცავს თავის სამშობლოს და მომავალს.

ჩემმა კოლეგამ, კვლავ დამიდასტურა მისი სურვილი, რომ მიმიღოს უკრაინაში, რათა უშუალოდ გამიზიაროს რუსული აგრესიით გამოწვეული ადამიანური ტრაგედიები და ნგრევის შედეგები.

დღეს ვგეგმავთ უფრო ვრცელ საუბარს უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, ჩვენი ქვეყნების ევროპულ მომავალზე.

განვიხილავთ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს და ჩვენს კოორდინაციის საჭიროებებს, რათა თავიდან ავიცილოთ ბოლო პერიოდის მსგავსი გაუგებრობები და უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიულად ძმური კავშირები.

ჩვენმა კომუნიკაციამ, ისევე როგორც მისმა გუშინდელმა ინტერვიუმ „იმედის“ ეთერში, დამარწმუნა, რომ არსებობს ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მქონდა მსჯელობა პარტიის ყველა სხვა ლიდერთან და ყველა შევთანხმდით, რომ ამ საკითხების მოსაგვარებლად უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

მე უკვე მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგასთან და დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა. დღევანდელ საუბარში ჩვენ ვიზიტის დეტალებსაც შევეხებით.

და კვლავ გავიმეორებ, უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია, და ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ“, – აღნიშნავს შალვა პაუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში