ბუკნარში მცხოვრები საგზაო დეპარტამენტს ედავება

15 აპრილი 2022, 14:24 867 ნახვა

ქობულეთში სოფელ ბუკნარში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს. ნანული დუმბაძე ამბობს, რომ სახლთან  მეწყრული პროცესები განვითარდა,  წვიმის დროს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი იტბორება.

მიზეზად იგი საავტომობილო გზის  რეაბილიტაციას ასახელებს. ირწმუნება, რომ  სამუშაოების დროს ტერიტორია ხელოვნურად დაზიანდა, რის გამოც საცხოვრებელს საფრთხე შეექმნა. ბუკნარში მცხოვრები ფერდსამაგრი კედლის მოწყობას ითხოვს.

ირკვევა, რომ  აჭარის საგზაო  დეპარტამენტში მოქალაქის პრეტენზიებს იცნობენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ არის  დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო.  

უწყების ინფორმაციით, 2013 წელს, გზის რეაბილიტაციის დროს, მოქალაქის ყველა მოთხოვნა შესრულდა.  რაც შეეხება,  მიწის ნაკვეთზე მეწყრული კერების განვითარებას,  ირწმუნებიან, რომ  ჩატარებულ სამუშაოებს არ უკავშირდება.  

გვითხრეს, რომ ტერიტორიაზე ბუნებრივად მცოცავი ქანებია  და სახლიც სწორედ ამან დააზიანა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში